ერთი მილიარდერის სანქცირებამ შესაძლოა მთელი ერი იხსნას – Bloomberg-ის კოლუმნისტის სტატია

Bloomberg-ზე გამოქვეყნდა გამოცემის კოლუმნისტის, წარსულში the Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკ ჩემპიონის სტატია, რომელშიც ავტორი წერს, რომ “აშშ-სა და ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შეაჩერონ საქართველოს მოქცევა პუტინის ორბიტაზე”. ამ კონტექსტში ჩემპიონი დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე წერს.

“სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, ზოგადად, არ ვარ სანქციების დიდი გულშემატკივარი. ისინი, როგორც წესი, ბლაგვი და ზანტი ინსტრუმენტებია, რომლებმაც უფრო სავარაუდოა გამოიწვიონ კოლატერალური ზიანი, ვიდრე მიაღწიონ რეალურ მიზანს. მაგრამ, თუ აშშ-ს ხაზინა და ევროპული კომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შესაძლოა იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.

ეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მილიარდები მისი და ქართული ოცნებისთვის კრიტიკულია. Credit Suisse-თან, რომელიც ახლა UBS Group AG-ს ეკუთვნის, გრძელვადიან დავაში მოგებული 1 მილიარდ დოლარზე მეტი ახლა პირობით დეპონირებაზე აქვს და აპელაციის გადაწყვეტილებას ელოდება. მაგრამ ივანიშვილი – რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და რომლის ქონებაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული – როგორც ჩანს, ღელავს იმ სახსრებზე, რომლებსაც სხვაგან ინახავს”. – წერს ჩემპიონი და საუბრობს პარლამენტის მიერ მიღებულ ოფშორების კანონზე, რომელსაც 3 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share