მოძრაობა ჯიუტი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებმა 10-მდე წარმომადგენელი უნდა გამოყონ კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის რუსული კანონის შესახებ.
ჯიუტი წერს, რომ მსგავსი შეთავაზება სინამდვილეში სატყუარაა კანონისთვის ლეგიტიმაციის შესაძენად.
“მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო.
მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს.
ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს.
მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში.
ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!” – წერს მოძრაობა ჯიუტი.
17 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა Facebook-ზე დაწერა, რომ აქციებში მონაწილე ახაგაზრდებს სთავაზობს გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი კანონის გარშემო საჯარო დისკუსიისთვის. მისივე თქმით, ახალგაზრდებს შეუძლიათ “დისკუსიას დაასწრონ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ”.