ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.
ბრძანების დანართის მიხედვით, პროექტირების მიზანია ბახმაროში შეიქმნას მაღალი დონის ტურისტულ‐სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც უნიკალური უნდა იყოს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბში. კომპლექსი, თავისი მასშტაბით და არქიტექტურით ორგანულად უნდა ჩაეწეროს მიმდებარე უნიკალურ ლანდშაფტში და არსებულ განაშენიანებაში. კომპლექსი ითვალისწინებს ბახმაროს, როგორც 12‐თვიანი კურორტის ფუნქციონირებას.
არსებული მდგომარეობით, საპროექტო ტერიტორიამდე მხოლოდ ელექტროენერგია მიდის. რაც შეეხება წყალს და წყალარინებას, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია ბახმაროს მთლიანი კურორტის წყლით მომარაგების უზრუნველყოფა უახლოეს მომავალში.
დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია სამ ეტაპად.
პირველ ეტაპი ‐ სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა.
მეორე ეტაპი ‐ მიწისქვეშა ავტოსადგომები, სპორტული მოედნები და საინჟნრო ინფრასტრუქტურა.
მესამე ეტაპი ‐ მისასვლელი გზები, სარეკრეაციო სივრცეები და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წლის ვადით და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე.საპროექტო ტერიტორია დაყოფილია 11 მიწის ნაკვეთად. საპროექტო ტერიტორიის ფართობი 52721 კვადრატული მეტრია. სასტუმრო გათვლილია 181 ნომერზე. დაგეგმილია მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა 149 ავტომობილზე.
სვოტ ანალიზი ძლიერ მხარეებად დასახელებულია: ადგილმდებარეობა (მაღალმთიანი კურორტი), სამკურნალო ჰაერი, ხელსაყრელი ეკოლოგია და კლიმატური პირობები, ასევე – პოპულარული ტურისტული მიმართულება.
ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო.