მეუფე იაკობი: საქართველოში არავის ავარევინებთ – არც შარლ მიშელს უყვარს ჩემი საქართველო ჩემზე მეტად, არც მაკრონს და არც არავის

ქართველი ხალხი თუ აინტერესებთ, გვკითხონ, ჩვენ რა და როგორ გვინდა. ჩვენ გვინდა საღ მსოფლიოსთან ერთად დგომა, არა ის, რომ ვიღაც ცუდს რომ აკეთებს, გაამართლოს და რადგან ძლიერია, კარგი იძახოს, ჩემზე ყველაფერი ცუდი თქვას, ეგ დრო წავიდა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ქართველებზე მეტად არავის უყვარს.

„დაყოფა კარგს არაფერს მოგვიტანს. ქართველებს თუ ერთი პირი გვექნება, უცხოეთიდანაც ვეღარ გაბედავენ იმ უაზრო, მაპატიეთ და, სულელური დირექტივების მოცემას, რასაც არ ეშვებიან. საქართველო არც ბალტიისპირელს უყვარს ნებისმიერ ქართველზე მეტად, არც არცერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელს. საქართველო გვიყვარს ჩვენ. ჩვენ დაბადებამდე გვიყვარს საქართველო, დაბადებამდე გვიყვარს ღმერთი. კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთებთან იურთიერთონ. რა გახდა, ხელისუფლებებში ზრდასრული ხალხი არის და ხომ შეიძლება, ერთმანეთს წყენები დავუვიწყოთ და ნულიდან დავიწყოთ, წესიერად დავალაგოთ ურთიერთობები. კარგად იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არავის ავარევინებთ. არც შარლ მიშელს უყვარს ჩემი საქართველო ჩემზე მეტად, არც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და არც არავის. ისევე როგორც მე ვერ ვიტყვი, რომ შარლ მიშელზე მეტად მიყვარს ბელგია ან მაკრონზე ძალიან მიყვარს საფრანგეთი, ხომ მატყუარა კაცი ვიქნებოდი. კეთილი ინებონ და თუ ქართველი ხალხი აინტერესებთ, გვკითხონ, ჩვენ რა გვინდა და როგორ გვინდა. ჩვენ გვინდა საღ მსოფლიოსთან ერთად დგომა, არა ის, რომ ვიღაც ცუდს რომ აკეთებს, გაამართლოს, რადგან ძლიერია, კარგი იძახოს და ჩემზე ყველაფერი ცუდი თქვას. წავიდა ეგ დრო. აბსოლუტურად ემსგავსებით მაგ ქცევით რუსეთს. ჩვენ გვახსოვს იმპერია და რუსეთი გვექცეოდა ეგრე. ნუ იქცევით ასე ჩვენ მიმართ, რადგან შინაგანად თავისთავად პროტესტს გამოიწვევთ და მაგით ვერაფერს მიაღწევთ. საქართველო ღმერთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. შეხედეთ, რამდენს გვიტევენ და მაინც ვდგავართ და ვიდგებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share