ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია,“ – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც თაობა Z-ის პოზიციებია ასახული.
რა სურს „ჯენზი თაობას“, რომელმაც 2023 წლის მარტში ხელისუფლებას უკან დაახევინა, დღეს კი, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლის ავანგარდში დგას? – ფოკუსჯგუფებთან გასაუბრებით ჩანს, რომ თაობა Z-ს კონკრეტული გზავნილები აქვს.
2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 14 % თაობა Z იქნება – 18-დან 26 წლამდე ასაკის ამომრჩევლები.
რა პოლიტიკური საჭიროებები და ღირებულებნები აქვს თაობა Z-ს საქართველოში? – ორგანიზაცია „ფორსეტმა“ ჩაატარა ამ საკითხზე თვისებრივი კვლევა, რომლის საფუძველზეც ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა. პროექტი მომზადდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID}-ის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI]-ის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
„ფორსეტის“ მიერ დღეს, 22 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში, ჩატარდა სამი პირისპირი ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა 18 მონაწილე, რომელთაგან 12 – თბილისიდან, 3 – რუსთავიდან, ხოლო დანარჩენი 3 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო. მათი ასაკი 18-26 წლებს შორის მერყეობდა, ხოლო განათლების მიღწეული დონე – სრული ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებამდე. ამასთანავე, 8 მათგანი უმუშევარი, ხოლო დანარჩენი დასაქმებული იყო.
თაობა Z-ის გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 72 % კი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის, საკმარისს არ აკეთებს, ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, თაობა Z-ის მიერ დასახელებული პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების სისტემას ეხება.
რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? – თაობა Z-ის გამოკითხულების 42 % პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილს 28% ფასების ზრდა იკავებს, მესამეს – განათლება 12%.
„ფოკუს ჯგუფის დისკუსიებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ კონტექსტში, თაობა Z-ს ყველაზე მეტად აწუხებს ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპიდან გადახვევა, რაც 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლებზეც გამოიხატა „აგენტების კანონის“ თავდაპირველი, 2023 წლის ვერსიის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურად გაწერილი პრინციპია, თაობა Z-ისთვის მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი ზოგიერთი კანონი, რომელიც დასავლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათთვის, პრობლემურია ისიც, რომ ახალგაზრდების მიერ აზრის დაფიქსირება ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ შეურაცხყოფის
საგნად იქცა.
პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, თაობა Z-ს აწუხებს ისიც, რომ ქვეყანა მკაფიოდ არ გამოხატავს პოლიტიკურ მიმართულებას მტრული სახელმწიფოს მიმართ და ამ მხრივ, ხაზს უსვამენ საქართველოში რუსულ მასობრივ მიგრაციას,“ – აღნიშნულია კვლევაში.
- რას ითხოვს თაობა Z პოლიტიკური პარტიებისგან?
„ზოგადად ქართველ ხალხს გვაქვს ლიდერომანია. ერთ ტიპს ამოვიჩემებთ და იმ ტიპს ვაღმერთებთ, მაგალითად, მიშა,ბიძინა. ძირითადად, ასეთ ტიპს ვეძებთ ხოლმე და არ
ვცდილობთ, რომ ვინმეს გავყვეთ იდეოლოგიურად,“ – უთქვამს კვლევის ავტორისთვის 22 წლის გოგოს.
კვლევის ავტორი თაობა Z-ის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ ასკვნის: სხვა თაობებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ამომრჩეველი აპათიას აფიქსირებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მიმართ. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა თქმით, თაობა Z-ის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, როდესაც პარტიები საკუთარ პლატფორმებს არა
იდეოლოგიის, არამედ კონკრეტული ლიდერების პოპულარიზაციისთვის იყენებენ და მოსახლეობაც მიმღებლურია ამ ტენდენციის მიმართ. მათთვის, ასევე მიუღებელია, როცა პარტიები საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პრობლემებზე საუბრობენ, ხოლო დასახელებულ საკითხებს შემდეგ იშვიათად თუ ასახავენ პოლიტიკურ საქმიანობაზე,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, 18-19 წლის ახალგაზრდები 2020 წლის არჩევნებზე აპირებდნენ აქტიური მონაწილეობა [80 %] მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა რეალურად არჩევნებში მონაწილეობა 55%-მა მიიღო.
„ამჟამად 10-დან 7 ახალგაზრდა ამომრჩეველი საკუთარ ღირებულებებს ვერცერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ხედავს,“ – აღნიშნულია კვლევაში.
გასაუბრების დროს სტუდენტებს პოლიტიკურ ლიდერებზეც უსაუბრიათ:
„სტუდენტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვუთხარი, ოთახიდან გავიდოდი, თვითონ კი ჩემი კურსელებისთვის საკუთარი პარტიის იდეოლოგია აეხსნა.
როცა კურსელებს ვთხოვე, მოეყოლათ ამ პარტიის იდეოლოგიაზე, ვერაფერს მომიყვნენ“, – ბიჭი 22 წლის.
„კარგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ზოგადად პოლიტიკური პარტიები უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ თავიანთი იდეოლოგია გაავრცელონ და დაანახონ ამომრჩეველს. თუმცა, ქართული პარტიების უმეტესობა მგონია, რომ არ არის გულწრფელი და შეიძლება, არც სჯეროდეთ, იმის, რასაც აკეთებენ“, – გოგო, 23 წლის.
„ფოკუს ჯგუფების დისკუსიებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია. მონაწილეებს, აგრეთვე, გაუჭირდათ არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების დასახელება, არამედ მცირე პარტიების სახელების გახსენებაც კი, რის გამოც პარტიებს შესაბამისი წარმომადგენლების სახელებით მოიხსენიებენ [მაგ., „გახარიას პარტია“, „ანა დოლიძის პარტია“, „ხოშტარიას პარტია“ და ა.შ.]. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების უმეტესობა აღიარებდა, რომ ყველაზე კარგად „გირჩისა“ და ზურაბ ჯაფარიძის იდეოლოგიას იცნობენ, რაც პარტიის ახალგაზრდებზე მიმართული საკომუნიკაციო სტრატეგიის შედეგია. მონაწილეების თქმით, „გირჩის“ საუბარი არა მხოლოდ ხმამაღალი, გასაგები და ზუსტია, არამედ იმ პლატფორმებზე ვრცელდება, რომლებსაც ახალგაზრდები მუდმივად იყენებენ. თუმცა, თუ ამ ასაკობრივმა ჯგუფმა „გირჩის“ იდეოლოგია გარკვეულწილად მაინც
იცის, მისთვის უცნობია სხვა პოლიტიკური პარტიების პერსპექტივები, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ძირითადი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაც“ კი,“ – აღნიშნულია კვლევაში.
„თაობა Z-ის დიდ ნაწილს არ სურს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდეს და უმეტესწილად ცდილობს, პროდასავლურ და ანტირუსულ
პოზიციებს აფიქსირებდეს. თაობა Z-ის 64%-ის შეფასებით, ახალგაზრდების ინტერესები არასაკმარისად, ან საერთოდ არაა ასახული ეროვნულ პოლიტიკაზე. ამასთანავე, 10-დან 7 ახალგაზრდა ამომრჩეველი საკუთარ ღირებულებებს ვერცერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ხედავს.
თაობა Z ციფრულ ერაში ინტერნეტის გამოყენების სიხშირით მოწინავეა და ინფორმაციის ძირითად წყაროდაც სწორედ ონლაინ პლატფორმებს იყენებს; ისინი უპირატესობას სწრაფად და მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას ანიჭებენ, თუმცა, მათი თქმით, მარტივად გადმოცემული პოლიტიკური ინფორმაცია მწირია; მათთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური პარტიები საკომუნიკაციო არხებს არა იდეოლოგიის, არამედ კონკრეტული ინდივიდების რეკლამირებისთვის იყენებენ,“ – აღნიშნულია კვლევის ძირითად მიგნებებში.
გამოკითხული ახალგაზრდების 35 %-ს უთქვამს, რომ სულ მცირე დღეში ერთხელ მაინც ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„თაობა Z ციფრულ ერაში ინტერნეტის გამოყენების სიხშირით მოწინავეა და ინფორმაციის ძირითად წყაროდაც სწორედ ონლაინ პლატფორმებს იყენებს. ახალგაზრდა ამომრჩეველს უწყვეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე, თუმცა მაინც არაა თავდაჯერებული, რომ პოლიტიკური საკითხების გაგებას შეძლებს. ამ ასაკობრივი კატეგორიის (18-26) წარმომადგენელთა უმრავლესობა (65%) მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ და სახელისუფლებო საკითხებს ვერ გაიგებს,“ – ვკითხულობთ ანალიტიკურ დოკუმენტში.