საქართველოს საელჩოსთან აშშ-ში რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების, გია ჯაფარიძის, დავით ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილისა და დიმა ჩიქოვანის ფოტოები მიიტანეს, წარწერით: „დაისაჯნენ რუსული კანონის გაპროტესტების გამო“.
საელჩოს კართან ასევე განთავსებულია სპეცრაზმის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იმავე „ხარებას“ ფოტო წარწერით: „დასანქცირდეს ჯალათი“.
ფოტოს ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი ავრცელებს.
როგორც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. იგი მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, რა დროსაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
მისი სახელი უკავშირდება 2019 წლის „გავრილოვის ღამესაც“, რა დროსაც აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები.