“ერთხელაც – ქვეყანა თუ სახელმწიფო? — ქვეყანას გრძნობა ყოფნის – გიყვარს და შენია. სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ ბატონობს ან როგორ პატრონობს – ქვეყანაა თუნდაც მისი მიწის, რომელიც ამავდროულად შენიცაა – ეზო-კარის თუ წინაპართა საფლავის სახით. ქვეყანაა – მოცემულობა, რომელიც თან გეამაყება და თან უბრაზდები ხოლმე. ქვეყანა, რომელსაც თუ უკეთესი შანსი გექნა, მიატოვებ, მაგრამ მაინც შენი იქნება – სწორედ განცდების საფუძველზე. ქვეყანა მუდამ ითხოვს – სიყვარულს, თავგანწირვას და სანაცვლოდ ვერაფერს გაძლევს თავგანწირულთა მითების, სიცოცხლეში ერთი მუჭა მიწის და გარდაცვალების შემდეგ საფლავის გარდა. სახელმწიფო აზრი და იდეაა. სახელმწიფო შანსი და პერსპექტივაა. სახელმწიფოს არ სჭირდება ყალბი პათეტიკა, რადგან მას ღირსების მაღალი სტანდარტი გააჩნია, საკუთრივ თავისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო ითხოვს აზრს, იდეას და სანაცვლოდ უზრყნველყოფს შენს პიროვნულ, მატერიალურ, სოციალურ სტატუსს. შენი აზრებისა და იდეების საფუძველზე გიცავს შენ ყველგან და ყოველთვის – სახლშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. სახელმწიფო – შენი აზრებისა და იდეების საფუძველზე – იმ ქვეყანას, რომელზეც განცდებით ხარ მიბმული, განადიდებს როგორც წარსულის სახით ,ასევე აჩენს უკეთესი მომავლის ღრმა და შეუქცევად რწმენას. სახელმწიფო გაფასებს და არასოდეს გიყენებს. ვიღაც იკითხავს სადაა ასეთი სახელმწიფო ანუ ასეთი საქართველო? არ არის! იცით რატომ? ჩვენ განცდებს ვერ გავცდით. ის რასაც სახელმწიფოს ვეძახით ბუტაფორიაა – პოტიომკინის სოფელია. ჩვენ გვირჩევნია სხვამ იაზროვნოს, სხვას ქონდეს იდეები (ფულიც – ეს განსაკუთეებით) და გვაცხოვროს. ხშირად მომისმენია – ამისთვის ვქირაობთ მთავრობასო. აქაც თავს ვიტყუებთ. ჩვენ არასოდეს გაგვიკეთებია არჩევანი იდეისა და აზრის სასარგებლოდ გარდა 1990 წლის 28 ოქტომბრისა და მაშინაც უმეტესობისთვის განმსაზღვრელი მოტივაცია გამარჯვება კი არა კომუნისტური რეჟიმის დამარცხება იყო. არსებობის მცდარ წარმოდგენებზე – ბორჯომი და ჩაი გვარჩენს – არაფერს ვამბობ. ჩვენ გადავეჩვიეთ გამარჯვებას, ჩვენ მუდამ ვიღაცის დამარცხება გვსურს და ესეც “ქვეყნის და მისი მოსახლეობის” სინდრომია. სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების მოტივაცია კი ყოველთვის გამარჯვებაა. აზრი და იდეა, იდეა და აზრია მთავარი და არა განცდა, რომელიც შენთან ერთად კვდება. აზრი და იდეა – შენი გარდაცვალების შემდეგაც ცოცხალია. ამის გააზრებაც გვიჭირს და ამიტომაც მედია – აკადემიური თუ ყვითელი გადავსებულია მავანთა განცდების გადმოცემით, ტირაჟირებით. განცდა ვერასოდეს ვერ იმარჯვებს და ხშირად ყალბია. ასე რომ თუ გვინდა გავიმარჯვოთ – ერთი რამ უნდა გავიაზროთ სწორად – ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო და არა ქვეყანა. ქვეყანა 3 ათას წელზე მეტია გვაქვს. ის სიდიადე კი, რაზეც ვბაქიბუქობთ ისტორიულ კონტექსტში, სწორედ იმ სხვადასხვა პერიოდების კუთვნილებაა, როდესაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფოები არსებობდნენ. და კიდევ – საქართველო არ არის ქრისტიანობის მონაპოვარი – ჩვენ 20 საუკუნის მიღმა უფრო დიდი და სახელოვანი ისტორია გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ არ ვიცით. ისტორია, სახელმწიფოსი სადაც აზრი და იდეა იყო მთავარი!”- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ექსპერტი გოჩა მირცხულავა.