დათო სტეფანოვი ხაშურელი კაცია. მას მუნიციპალიტეტში როგორც რაგბის მწვრთნელს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში არაერთი ტალანტი ყავს გამოზრდილი. მისი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.
რაგბის მწვრთნელობას დათო კიდევ ერთ საქმეს უთავსებს წარმატებით – ის ულამაზეს მინიატურებს აკეთებს. ეს საქმე მისთვის ჰობზე მეტია, უყვარს და სიამოვნებას იღებს. როგორ დაიწყო და რა მიზნით აკეთებს მინიატურებს – ამაზე დათო სტეფანოვი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
– მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა, რომელიც დარჩებოდა მომავალს, სული ჩამაბერა უსხეულო საგნებისთვის და თან ჩემს ნამუშევარსაც ელაპარაკა. სულ პატარა რამით დავიწყე – მინიატურული სახლი გავაკეთე და ისე ჩამითრია, მინდოდა, უფრო მეტი და მეტი გამეკეთებინა. ყველაფერი ჩემით ვისწავლე, რაღაც დეტალის დახვეწა თუ მინდა, ხანდახან ინტერნეტში ვიძიებ ინფორმაციას.
– რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?
როცა ბუნებაში გავდივარ და რამე მომეწონება, ვნახულობ მიტოვებულ სახლს, რომელიც ლამაზია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემში ილექება და მინდა რომ ნამუშევრებში გადავიტანო, ცოცხალი სახე მივცე. ყველა ჩემი შექმნილი მინიატურა განსაკუთრებულად მიყვარს. მინდა რომ ამ მინიატურებით ქართული სული, ქართული კუთხეების თავისებური სილამაზეები გადავცე მნახველებს.
ყველა მიყვარს, ვერც ერთ მინიატურას ვერ გამოვარჩევ, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც სხვებზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება იყოს ჭა, რომლის კეთებაშიც ბევრი დრო დავხარჯე და საბოლოოდ ისეთი მივიღე, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა.
– დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება კეთების პროცესი?
– ასე თქმა რთულია. შეიძლება უცებ მომივიდეს მუზა, დავიწყო კეთება და დავასრულო, მაგრამ შეიძლება წლები გაგრძელდეს. ყველა ნამუშევარს ვუდგები ისე, როგორც განსაკუთრებულს და ვცდილობ რამე დეტალი მეორედ აღარ განმეორდეს.
– თქვენი ნამუშევრების შესაქმნელად, რა მასალას იყენებთ?
– აბსოლუტურად ყველაფერს. გადაყრილი ნივთები, მუყაოს ქაღალდი, ყველაფერი რასაც ვეხებით, შეიძლება მასალად გამოვიყენო. აი, მაგალითად სხვისთვის შეიძლება იყოს უბრალო ნივთი, მაგრამ მე მასში სახლის კარები, ფანჯარა ან სხვა რამე დავინახო.
– რას გრძნობს ხელოვანი როცა ასრულებს თავის ნამუშევარს?
– ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, საოცარი, ენით აღუწერელი განცდა. ყველანაირი დაღლილობა, სტრესი გავიწყდება. შეიძლება რაღაც უმცირეს დეტალზე მოგიწიოს საათობით მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ამ ყველაფრის კულმინაციაა დასრულება. ყველაზე მაგარი პროცესია, როცა უკვე დასრულებულ ნამუშევარს უყურებ და ფიქრობ – რა დეტალი შეიძლება დაემატოს ან პირიქით, მოაკლდეს. მქონია შემთხვევა, როცა დამისრულებია, მერე დავკვირვებივარ და რაღაც სხვა დეტალიც მიმიმატებია.
– რამდენი მინიატურა გაქვთ გაკეთებული?
– ასამდე მაინც. ყველა არაა საქართველოში, ბევრი უცხოეთშია გატანილი. მქონია შემთხვევა, როცა წაუღიათ ჩემი ნამუშევარი უცხოეთში და უთხოვიათ, რომ მყიდველის ვინაობა არ მეთქვა.
– შემოსავლის წყაროცაა თქვენთვის ეს მინიატურები?
– ძირითადად უცხოურ ბაზარზე მქონდა გათვლილი, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მინდა ყველამ ნახოს თუ რა ლამაზი სოფლები და კუთხეები გვაქვს ქართველებს. ნახონ და ჩვენი ქვეყანა სხვა კუთხითაც დაინახონ, თანაც არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ფინანსურადაც საინტერესოა უცხოური შეკვეთები. საქართველოში ადამიანებს ლუკმა-პური უჭირთ და არავის უნდა შენი მინიატურები…
უცხოეთში წასვლაზე ბევრი შემოთავაზება მქონდა, ფინანსურადაც ძალიან მომხიბვლელი, მართლა ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ სამუშაოდ, მაგრამ არ წავედი. ხაშურის ბავშვთა რაგბის კლუბ “ლეგიონს” ვავარჯიშებ, რაგბის ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ. რაგბი სხვა სამყაროა ჩემთვის და ბავშვებს ვერ მივატოვებდი. დამერწმუნეთ, რომ ის სიყვარული, რასაც მე ჩემი მოსწავლეებისგან ვიღებ, მთელ ქონებად მიღირს, ამიტომაც დავრჩი და ერთი წამით არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. მე ჩემი ბიჭებით, ჩემი “ლეგიონით” ვარ მილიონერი.
– რაგბი დიდ დროს მოითხოვს და როგორ უთავსებთ ამ ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროს ერთმანეთს?
– ხელოვნებას ვუთავსებ რაგბს თუ რაგბს ვუთავსებ ხელოვნებას, უკვე ვეღარ ვხვდები. მინიატურების წვრილ დეტალებზე მუშაობამ, საოცრად დამიმშვიდა ნერვული სისტემა და აქედან გამომდინარე, სრულად მყოფნის ნერვები რომ ორივე საქმე გულით ვაკეთო. თუ რამე პრობლემაა ან ცოტა რთული სიტუაციაა, მაშინვე მინიატურებზე მუშაობას ვიწყებ და მომენტალურად მეხსნება სტრესი.
ავტორი: ლადო გოგოლაძე
www.ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 91
მას ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირად მოიხსენიებენ, მის მრევლში ბევრი ცნობილი სახეა, ხალხში პოპულარობით სარგებლობს მისი ლექსები, გამონათქვამები, "ფეისბუქის" პოსტები... წლებია, პეტრე კოლხი მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. ექვსი შვილის მამას თავისი განცხადებებით არაერთხელ ჩაუგდია შოკში საზოგადოება... ამჯერადაც ასეა - პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში სახლი…
- 91
მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა... გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი…
- 88
2006 წლის 24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მეფის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა... ამასთან დაკავშირებით, მომღერლის ცნობილი მამა, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან... ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი - ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის…
- 87
ისტორია ინახავს გენიალური მხატვრების და მათი შემოქმედების შესახებ ცნობებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თაობებს შემოუნახეს. თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა…