რუსეთში ცნობილი მოჭადრაკის, მსოფლიო ჩემპიონისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გარი კასპაროვის წინააღმდეგ შეძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რადგან ის ე.წ. უცხოელი აგენტის ვალდებულებებს არ ასრულებს.
ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას, ТАСС-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
“კასპაროვს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1-ე მუხლით ემუქრება (უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებებისთვის თავის არიდება). ამჟამად ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს”. – უთხრა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა გამოცემას.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, კასპაროვს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
მანამდე, რუსეთში, სიკტივკარის საქალაქო სასამართლომ კასპაროვს, დუმის ყოფილ დეპუტატს, გენადი გუდკოვსა და თავისუფალი რუსეთის ფორუმის თანადამაარსებელს, ივან ტიუტრინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. სასამართლო მათ ტერორისტული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს.
6 მარტს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) კასპაროვი ტიუტრინთან ერთად ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.
როგორც კასპაროვი, ისევე ტიუტრინი რუსეთში ე.წ. უცხოელ აგენტებად არიან გამოცხადებულები.
2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელ აგენტების სიას ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი და ბიზნესმენი, მიხაილ ხოდოროვსკი დაამატა.