ცხოვრება სხვის სახელზე გაფორმებულ მდიდრულ სახლში, საკოლექციო ავტომობილი და მშენებარე ბინა ვაკეში – რა ქონებას ფლობს არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ქონება, რომელიც დეკლარაციაში აქვს მითითებული, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის დეპუტატის სახელზე გაფორმებულია მხოლოდ ორი სატრანსპორტო საშუალება – მოტოციკლი Harley-Davidson, რომელიც 8 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა და ასევე ავტომობილი, 1971 წლის გამოშვება Volkswagen, რომელშიც 4 300 აშშ დოლარი გადაიხადა, მისი ოჯახის საერთო ფინანსური და ქონებრივი ანგარიში მაინც მაღალ ნიშნულზეა.

2021 წლის იანვარში თალაკვაძის მეუღლის ქეთევან ბუბუტეიშვილის სახელზე გაფორმდა 219 669 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი. დეკლარაციაში კონკრეტული მისამართი არ არის მითითებული. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საცხოვრებელი ვაკეში მდებარეობს. როგორც თავად თალაკვაძემ ერთი წლის წინ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ბინა ჯერ მშენებლობის პროცესშია და როცა დასრულდება, დეკლარაციაში მისამართსაც მიუთითებს, მანამდე კი ოჯახი დიღომში, საკმაოდ მდიდრულ უბანში, დიდ კერძო სახლში ცხოვრობს, რომელიც არც თალაკვაძისა და არც მისი მეუღლის სახელზე არ ფიქსირდება. ყოფილი ვიცე-სპიკერის განმარტებით, აღნიშნული სახლი ნათესავმა დაუთმო საცხოვრებლად. მანამდე ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, შემდეგ კი გაყიდა და ცოლ-შვილით მდიდარი ნათესავის სახლში გადაბარგდა.

მშენებარე ბინა სესხით იყიდეს, ყოველ შემთხვევაში, თალაკვაძე ასე ამბობს. სესხიც მეუღლის სახელზე აქვს გამოტანილი და მისი მოცულობა 186 720 აშშ დოლარს შეადგენს. საბანკო ვალდებულება ბუბუტეიშვილმა 2021 წლის დეკემბერში აიღო, თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც ბინა შეიძინა. მისი ხანგრძლივობა 15 წლით განისაზღვრა და სრულად დაფარვა 2036 წელს უწევს. მის კუთვნილებაშია ასევე ავტომობილი BMW X5, 2016 წლის მოდელი, რომელშიც 11 400 აშშ დოლარი გადაიხადა.

ქეთევან ბუბუტეიშვილი სს „სარაჯიშვილის“ საინვესტიციო პროექტების მართვის სამსახურის უფროსია და მისი სახელფასო შემოსავალი წლიურად 120 ათას ლარს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია თალაკვაძის ხელფასზე – გასულ წელს დეპუტატის წლიურმა შემოსავალმა 61 168 ლარი შეადგინა.

ამასთან, მხოლოდ შვილების განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები თალაკვაძის ანგარიშიდან 29 900 ლარს ითვლის.

ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა ცვლილება მის ფინანსურ და ქონებრივ ანგარიშებზე, რადგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი გუნდი სანქციების ქვეშ არის მოქცეული და წინ გადამწყვეტი არჩევნებია, შესაძლოა, დეპუტატს მომდევნო დეკლარაციის შევსება აღარც დასჭირდეს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები და რა შედეგებს მივიღებთ ოქტომბრის ბოლოს.

https://cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share