“სოფელ-სოფელ უნდა ვესაუბროთ ხალხს… ასე უშუალოდ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ ქართველ ხალხს, სოფელ-სოფელ, ყანა-ყანა უნდა ვიაროთ და მივიდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე,” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჯგუშია “რეაქციაში” საუბრობს.
ჯგუშიას თქმით, საზოგადოება მზად არის არჩევანის გასაკეთებლად და ოპოზიციამ გონივრული გადაჯგუფებით უნდა შეძლოს ამომრჩევლის მობილიზება.
”უკანასკნელი თვეების განმავლობაში განვითარებულმა ძალიან ნათლად გამოკვეთა სურათი, ახალგაზრდობის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთაა, რომ ეს გაბრაზება, რომელიც შექმნა ამ ხელისუფლებამ თავხედურად კანონის მიღებით და შემდეგ უკვე ყველანაირი ბოროტების მანქანებით ძალმომრეობაზე წასვლით, საზოგადოებაში გამოიწვია გულწრფელი გაბრაზება იმისთვის, რომ ეს სამართლიანი ბრაზი გადაიზარდოს პოლიტიკურად გაზომვად განწყობებში, რომლის შედეგიც კონკრეტულ რიცხვად აისახება არჩევნების შედეგებით.
ეს შედეგები ასეთად რომ დადგეს, ამის წინაპირობად ბუნებრივია, საზოგადოებას პოლიტიკურ ჯგუფების მიმართ ექნება დაკვეთა გამარჯვების მომტანი კონფიგურაციის შექმნის. თუმცა ეს კონფიგურაცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, ძალიან ზომიერი და ჩემი აზრით ამ კონფიგურაციას ჰქვია – გონივრული შესაძლებლობების ფარგლებში ერთობა, როცა ამომრჩეველი თბილისსა თუ რეგიონებში დაინახავს, რომ ოპოზიცია გამოსულია რეჟიმის წინააღმდეგ გონივრული ერთობით და სოლიდურად, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დადგეს გამაერთიანებლების და არა დამშლელების გვერდით,“ – ამბობს გიორგი ჯგუშია.