- “მხოლოდ უგუნური ერისთვის არა აქვს ისტორიას ფასი. ისტორია არის დიდი გაკვეთილი, მაგრამ ეს იმას სრულიად არ ნიშნავს, რომ ხალხმა წარსულით იცხოვროს. … ცხოვრება მხოლოდ მომავალზე ფიქრითა და ოცნებით, … მომავლისათვის შრომით შეიძლება”.
- “ერი მაშინაა ბედნიერი, მისი მომავალი მაშინ მიემართება სიკეთისაკენ, როცა მისი ბედი და საქმე მოწინავე პატიოსან და უანგარო ახალგაზრდობას აბარია”.
- “განათლებულ ქვეყნებში, გონიერი ხალხი თავის დამრიგებელ და ზნის გამასწორებელს კი არ სდევნის და შეურაცხყოფს, – თავის უპირველეს გმირების ტოლათ მაინც აფასებს, მეტათ თუ არა”.
- “ყველაზე კარგ მმართველად ის ითვლება, ვისაც სხვათა ყურისგდება შეუძლია და მერე საერთო, უმრავლესობისათვის მისაღები დასკვნის გამოტანა”.
- “როგორი მეთაურიც გვეყოლება არჩეული, ისეთი მსვლელობა ექნება ჩვენს საერო საქმეს, და ისეთივე პატივი გვეღირსება მეზობლებისა და უცხოელებისაგან”.
ნიკო ნიკოლაძე
“მისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ “დროს გასწრებული მამულიშვილი” – ნიკო ნიკოლაძემ თავის ეპოქას არა მხოლოდ გონებითა და აზრით, არამედ საქმითაც გაუსწრო და ისტორიაში “ულმობელი საქმის კაცის” სახელიც დაიმკვიდრა. ჭაბუკობიდან აღსასრულამდე ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა, ყველა საქმეს, რომელსაც კი ხელი მოჰკიდა, წარუშლელი კვალი დააჩნია. იყო პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პერიოდულ გამოცემათა დამაარსებელი და რედაქტორი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქალაქისთავი, პარლამენტის დეპუტატი… ნიკოლაძე 85 წლის გარდაიცვალა, მას პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ არა მარტო საქართველოში, იმის ფარგლებს გარეთაც. ის მოესწრო რუსეთის ოთხ მეფესა და სამ რევოლუციას, იყო ოთხი დიდი ომის მხილველი, კოლონიური საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და გასაბჭოებული საქართველოს მოქალაქე”, – გვიამბობს დიდ საზოგადო მოღვაწეზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე. მასვე ეკუთვნის წიგნები “ნიკო ნიკოლაძე: ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები” და “უკანასკნელი თერგდალეული”.
პეტერბურგიდან სორბონამდე
– თერგდალეულთა უკანასკნელი მოჰიკანი ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. დედა, ელისაბედ ლორთქიფანიძე, აზნაურთა წრეს მიეკუთვნებოდა, ხოლო მამა, იაკობ ნიკოლაძე, შეძლებული ვაჭარი იყო, რომელიც თავისი კაპიტალის ნაწილს სამშენებლო საქმესაც ახმარდა. ქუთაისსა და ფოთში კომერციული დუქნების მფლობელი მამა ერთადერთი ვაჟის – მომავალი ერისკაცის თავის კვალზე აღზრდას გეგმავდა. იაკობს საფუძვლიანი განათლება არ მიუღია, “ქართული წერა-კითხვისა და ანგარიშის მეტი არა იცოდა რა”, მაგრამ სწავლის ფასი მანაც და მისმა მეუღლემაც იცოდნენ. “ოჯახში თბილისიდან ყველა ახლად გამოსული წიგნი მოგვდიოდა, მიღებისთანავე დედაჩემი მათ თავიდან ბოლომდი გადაგვიბულბულებდა, დიდსა და პატარას, ქმარ-შვილს და მოსამსახურეს”, – იგონებდა ნიკო ნიკოლაძე. თვითონ ნიკოს წიგნის კითხვა ბავშვობიდანვე უყვარდა და გიმნაზიის პერიოდში რაც კი რამ წიგნი ჰქონდა ვინმეს ქუთაისში, რაც კი რამ ჟურნალი მოდიოდა ქალაქში, სულ გადაკითხული ჰქონია. იაკობმა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შვილს სანქტ-პეტერბურგში გამგზავრების ნება დართო და ნიკო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე ჩაირიცხა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სტუდენთა მოძრაობამ რუსეთში მასობრივი ხასიათი შეიძინა. ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ უნივერსიტეტების კედლებშიც შეაღწია და იქაც ოპოზიციური ატმოსფერო გააბატონა. სტუდენტობა ხმას იმაღლებდა არა მარტო სასწავლებლებში დამკვიდრებული ბიუროკრატიული რეჟიმის შესაცვლელად, არამედ ილაშქრებდა იმ პოლიტიკური თვითნებობის წინააღმდეგაც, რომელიც იმპერიაში მძვინვარებდა. რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომელთა შორის ნიკოც იყო, ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაცია გამართა. 1861 წლის 13 ოქტომბერს, როდესაც პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტობა კიდევ ერთ მიტინგზე შეიკრიბა, მოულოდნელად გამოჩნდა ჯარი, პროტესტანტი სტუდენტები დააპატიმრეს, სპეციალურ სიებში ჩაწერეს და ჯარისა და პოლიციის თანხლებით ციხისკენ წაიყვანეს. დაპატიმრებულთა შორის ნიკო ნიკოლაძეც იყო. ის შემდგომ პატიმრობიდან მშობლების თავდებით გაათავისუფლეს, მაგრამ უნივერსიტეტს უნდა ჩამოშორებოდა, რადგან პეტერბურგში საცხოვრებელი მოწმობა ერთმეოდა. “ამგვარი განაჩენი ჩემთვის უფრო საშინელი იყო, ვიდრე კატორღაში გაგზავნა. როგორ უნდა წავსულიყავი პეტერბურგიდან, როცა უჩემოდ შესაძლოა რევოლუცია მომხდარიყო?!” – იგონებდა ქართველი მოღვაწე. ნიკომ 1864 წელს უცხოეთში წასვლის ნებართვა მიიღო, პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 1865 წლის შემოდგომიდან ნიკომ სწავლა ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო, იქიდან ციურიხში გადაინაცვლა და ორი წელი იქაურ უნივერსიტეტში ისწავლა. 1868 წელს ფრანგულად დაწერილი ნაშრომისათვის “განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა”, რომელიც ჟენევაში ცალკე წიგნადაც დაიბეჭდა, ნიკო ნიკოლაძემ ციურიხის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომი და სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო.
პუბლიცისტი
– მიუხედავად იმისა, რომ იურისტობას აპირებდა, ახალგაზრდობიდანვე ერთი გატაცება ჰქონდა – საგამომცემლო საქმე და ჟურნალისტობა. ქუთაისში სტამბის გამართვის, იაფი წიგნებისა და გაზეთის გამოცემის იდეა ჯერ კიდევ 1863 წელს პეტერბურგში დაებადა და ეს მეგობარ კირილე ლორთქიფანიძეს გაუზიარა. მერე უცხოეთში ლითოგრაფიული დაზგა შეუძენია და 1873 წელს სამშობლოში დაბრუნებისას თან მოჰქონდა, მაგრამ იმპერიის საბაჟო სამსახურს ნიკოლაძე საზღვარზე გაუჩხრეკია და საბეჭდი დანადგარი ჩამოურთმევია.
ნიკომ პუბლიცისტიკაში კალამი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მოსინჯა. პირველი წერილი 1860 წელს ჟურნალ “ცისკარში” დაუბეჭდეს. ამის შემდეგ პეტერბურგის ჟურნალ “ისკრაში” მოთხრობა გამოაქვეყნა. ევროპაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა გამოცემასთან თანამშრომლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სოლიდური გამოცდილების მქონე პუბლიცისტი თავდაპირველად “დროების” ჯგუფს შეუერთდა და ერთი წლის განმავლობაში სერგეი მესხის მხარდამხარ ამ გაზეთის გამოცემას უძღვებოდა. 1871 წლიდან ნიკოს თაოსნობით ჟურნალი “კრებული” დაფუძნდა. 1873 წელს ნიკო პარიზში გაემგზავრა და დავით მიქელაძესა (მეველე) და პავლე იზმაილოვთან ერთად პირველი ქართული ჰექტოგრაფიული გაზეთის “დროშის” ათი ნომერი გამოსცა. ნიკო ცენზორებს თავის სიმართლეს შეუპოვრად უმტკიცებდა და როცა სიტყვა უძლური ხდებოდა, მუქარასა და ხელჩართულ ბრძოლასაც არ ერიდებოდა. დაუმორჩილებლობისათვის ორჯერ სამართალში მისცეს, 1880 წელს კი გამოცემა დაუხურეს, თვითონ სტავროპოლში გადაასახლეს და 5 წლით საქართველოში ცხოვრებაც აუკრძალეს.
1925 წელს თბილისში გამომცემლობა “ქართული წიგნი” დააარსა და გარდაცვალებამდე სათავეში ედგა მის გამგეობას. ნიკო ნიკოლაძე დიდი რეპუტაციით სარგებლობდა იმპერიისა და საზღვარგარეთის რადიკალურ წრეებში, პროგრესულ ჟურნალისტთა საზოგადოებაში, რომლებიც სიამოვნებით უთმობდნენ მას თავიანთი გამოცემების ფურცლებს. ნიკოლაძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფსევდონიმს იყენებდა: “სკანდელი”, “რიონელი”, “ნიკიფორე გ”. წერდა ქართულად, რუსულად, ფრანგულად. ეს მაღალნიჭიერი და ევროპულად განათლებული ადამიანი პირველი ქართველი ჟურნალისტია ევროპული მნიშვნელობითო, წერდა მის შესახებ არტურ ლაისტი.
“კავკასიის პუბლიცისტიკის არწივად” წოდებული ნიკო ნიკოლაძე პუბლიცისტური მოღვაწეობის მიზანს ხალხის განათლებაში, მისი გონების გახსნისა და ხასიათის განმტკიცების ხელშეწყობაში ხედავდა. ეს მით უფრო აუცილებელი იყო კოლონიურ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თვითმპყრობელობას მუდმივი ჩამორჩენისა და უმეცრებისათვის ჰყავდა განწირული. პუბლიცისტიკის, ზოგადად პერიოდული პრესის დანიშნულების ნიკო ნიკოლაძისეული გააზრება თერგდალეულთა პოლიტიკურ პროგრამას პასუხობდა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლების, ერის დაცემული ვინაობის აღდგენის, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების განახლების ამოცანებს ემსახურებოდა.
დიდი ნოვატორი
– ნიკო ნიკოლაძეს სიცოცხლეშივე უწოდეს “ულმობელი საქმის კაცი”. მართლაც, რას აღარ სწვდებოდა მისი მოუღლელი, მეოცნებე გონება და მასშტაბური ხედვა. პრაქტიკულ საქმეებს გადავავლოთ თვალი: ჭიათურის მარგანეცის დამუშავება და ექსპორტი, ფოთის ნავსადგური, რაჭისა და სვანეთის ტყეების ექსპლუატაცია, თბილისის წყალსადენის მშენებლობა, აბანოების კეთილმოწყობა, დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებაზე ზრუნვა, რიონზე ნაოსნობის აღდგენის, ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში ნავთობსადენის გაყვანის, საქართველოში რკინიგზის ქსელის გაფართოების, რკინიგზის ელექტრიფიკაციის თამამი გეგმები და ათასი სხვა. ნიკოს დიდი ძალისხმევით 1883-1887 წლებში აიგო და ექსპლუატაციაში შევიდა ტყიბულის ქუთაისთან დამაკავშირებელი რკინიგზის მონაკვეთი. ამით წიაღისეულის ტრანსპორტირება ძირეულად გაუმჯობესდა და გაიაფდა. საგრძნობლად შემცირდა ქვანახშირის თვითღირებულებაც. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძემ წვლილი შეიტანა ბაქო-თბილისის რკინიგზის მშენებლობაშიც, როცა უმსხვილესი ფრანგი მაგნატები ალფონს და გუსტავ როტშილდები ამ საქმესთან დააკავშირა, მაგრამ ქართველ სამოციანელს უფრო მეტი დამსახურება იმაში მიუძღვის, რომ მატარებლები სურამის ქედის გადავლის ნაცვლად წიფის გვირაბით მოძრაობენ (რომელიც “აზრისა და ტექნიკის გამარჯვების დღესასწაულად” მოინათლა). საგულისხმოა, რომ სიტყვები “ლიანდაგი” და “ორთქლმავალი” ქართულ ენაში ნიკო ნიკოლაძემ შემოიტანა.
როცა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, მოსკოვმა საქართველოს სამრეწველო ობიექტების კონცესიის წესით უცხოური კომპანიებისათვის გადაცემა გადაწყვიტა. ცნობილი მრეწველი აშშ-დან ა. ჰარიმანი ჭიათურაში სწორედ ნიკო ნიკოლაძის რჩევით ჩამოვიდა. 1920 წელს ნიკომ იტალიიდან ჩამოიყვანა ინჟინერი მდინარე ყვირილაზე მცირე ჰესის გასამართად. მასვე უნდა შეესწავლა მდინარე ენგურის სიმძლავრეები მასშტაბური ელექტროსადგურის (ნიკო ნიკოლაძე ,,წყალსადგურს” უწოდებდა) ასაგებად და სხვ.
ნიკო ბევრს მუშაობდა ჩვენში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საკითხებზე. უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ჩაის კულტურა. მან ფოთსა და დიდ ჯიხაიშში საკუთარი ხელით დარგო ჩაის ნერგები, რითაც ერთგვარი პოპულარიზაცია გაუწია ახალ შემოსავლიან მცენარეს. ნიკო ნიკოლაძე დაინტერესებული იყო ნავთობსადენის გაყვანით ქალაქ გროზნოდან ფოთამდე, შედგენილი ჰქონდა გეგმაც სახელწოდებით: ,,ნავთობსადენი გროზნი – შავი ზღვის ნაპირი”. დარწმუნებული იყო, რომ ეს მილი დიდად ასარგებლებდა ჩვენს ქვეყანას, 1922 წელს უცხოეთში ინვესტორიც მოიძია ნავთობის ცნობილი კომპანია ,,შელის” სახით, მაგრამ საბჭოთა სინამდვილეში ნიკოლაძის პროექტი აღარ განხორციელებულა.
ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ქართულ სინამდვილეში ფასიანი ქაღალდების გამოყენების პრაქტიკა: ფოთის ქალაქისთავად მუშაობის პერიოდში პირველმა მან გამოუშვა სამპროცენტიანი ობლიგაცია, ასევე გაავრცელა ლატარიის ბილეთები და შემოსული თანხა ნავსადგურის კეთილმოწყობას მოახმარა. ბეტონი, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ შუამდინარეთში, ხოლო მოგვიანებით ძველ რომშიც იხმარებოდა და შემდეგ ხანგრძლივად დავიწყებას მიეცა, საქართველოში პირველად ნიკო ნიკოლაძემ გამოიყენა ქალაქ ფოთის ჯებირის მშენებლობაში.
ფოთი – ევროპული ქალაქი
– ფოთის თვითმმართველობის სათავეში ნიკო ნიკოლაძის არჩევის საკითხი 80-იან წლებშივე განიხილებოდა, ოღონდ დაბრკოლებად ის იქცა, რომ ქართველ მოღვაწეზე იმპერიის პოლიციის დეპარტამენტს ფარული მეთვალყურეობა ჰქონდა დაწესებული. პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნების ასეთ პოსტზე დამტკიცებას, ცხადია, ხელისუფლება არ დაუშვებდა. მოგვიანებით, თავადაზნაურთა საკრებულოს თხოვნით ნიკოზე პოლიციური თვალთვალი შეწყდა და მას შესაძლებლობა მიეცა კენჭი ეყარა ფოთის ქალაქისთავის თანამდებობაზე და 1894 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად ფოთის წინამძღოლობა ჩაიბარა. “ვინც ფოთის ქალაქის გამგეობას ცოტაოდნავ მაინც იცნობს, მან ჩინებულად იცის, რომ არც ერთს თანამდებობის პირს ნებას არ ვაძლევ სამსახურში შემოაპაროს რაიმე პარტიული, რწუნებრივი თუ ნაციონალური მიდრეკილება. ყველასაგან ვთხოულობ მარტო ერთგულ სამსახურს ქალაქის სასარგებლოდ”, – წერდა ნიკოლაძე.
ფოთელები დიდი ერისკაცის გონიერი მმართველობის უნარში თვალნათლივ დარწმუნდნენ, ვინაიდან ფოთმა სწრაფად იწყო განვითარება. ამიტომაც იყო, რომ ნიკო ნიკოლაძე მოსახლეობამ რამდენჯერმე ზედიზედ აირჩია ქალაქისთავად. ის ოცი წელი უძღვებოდა ფოთს, რაც იმ დროისათვის იშვიათი გამონაკლისი იყო.
ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი და სასარგებლო საქმე მოესწრო. საგრძნობლად გაიზარდა საქალაქო შემოსავლები, ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის გაათმაგდა. ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ფოთს ირგვლივ ჯებირი შემოევლო, რამაც ქალაქის ქუჩები წყლის მუდმივი დინებისაგან საიმედოდ დაიცვა; აიგო სამი ხიდი, რომელთაგან ორ ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებდა, ხოლო მესამე ფოთს გურიასთან აკავშირებდა; აშენდა ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე ქალაქსაც და ნავსადგურსაც თავისუფლად ჰყოფნიდა; გაიყვანეს ტელეფონის ქსელი; სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლებისათვის წამოიმართა ორსართულიანი კაპიტალური შენობები; მოეწყო დახურული ბაზარი; მოსახლეობა უზრუნველყოფილ იქნა სასმელი წყლით; განახლდა ქალაქის კოშკი; აიგო მომხიბლავი ეკლესია; ქუჩები მოიკირწყლა და გაიყვანეს გზატკეცილები; მოეწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი (კონკა); აშენდა ელევატორი და სხვ. ცნობილია, რომ ფოთი ქალაქად XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან იწოდებოდა, მაგრამ ნამდვილი ქალაქის იერი მას ნიკო ნიკოლაძემ მისცა.
ნიკოს თბილისური სახლის ერთ ოთახში სიცოცხლის ბოლომდე ედგა პარიზში ჩამოსხმული ფერადი ფაიფურის ბაყაყის მოზრდილი ფიგურა. ეს იყო დიდი თერგდალეულის მიერ “ჭაობიანი ფოთის ამოშრობისა და მისი მსოფლიო მნიშვნელობის ნავსადგურად გადაქცევის სიმბოლო”.
ფოთი სწორედ ნიკოლაძემ აქცია თანამედროვე ევროპულ ქალაქად და ნავსადგურად, მაგრამ კომუნისტური რეჟიმისათვის ნიკო ნიკოლაძე უცხო იყო, ის – ბურჟუაზიულ სინამდვილესთან ასოცირდებოდა.
თამარის ორდენის კავალერი
– ნიკო ნიკოლაძე პირველი და ერთადერთი იყო თერგდალეულთა შორის, რომელმაც “მამულის მსახურებისთვის” ჯილდო მიიღო. 1918 წლის ივნისში მას საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სახელით თამარის ორდენი გადაეცა. ეს ორდენი მხცოვან მოღვაწესთან ერთად სიმბოლურად თერგდალეულთა მთელ პლეადას ეკუთვნოდა, რომელსაც ნიკო წარმოადგენდა. უკვე წლებით დამძიმებული, თავის სამშობლოს ასე მიმართავდა: “მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია. … მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა”. თამარ მეფის ორდენი 1915 წელსაა დაარსებული. ის პირველი მსოფლიო ომის წლებში უცხოეთში აღმოცენებულმა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ჯგუფმა, “საქართველოს გათავისუფლების ეროვნულმა კომიტეტმა” შემოიღო და ანიჭებდა სამხედრო და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის. მან ეს ჯილდო ჭეშმარიტად დაიმსახურა, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება ქართველი ხალხის სამსახურს, საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მისი თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლას შეალია.
პოლიტიკურ არენაზე
– საბჭოთა ისტორიოგრაფია ქართველ მოღვაწეს ხან რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა მოწაფედ, ხან ნაროდნიკთა თანამოაზრედ, ხან სოციალიზმის მიმდევრად მიიჩნევდა. სიმართლე არც ერთი არ ყოფილა – ნიკო ნიკოლაძეს არასოდეს ახასიათებდა სხვათა ნააზრევის უკრიტიკოდ მიღება, თუნდაც აღიარებულ ავტორიტეტთა ბრმა და ზერელე მიმბაძველობა. აკაკი ბაქრაძის მართებული შენიშვნით, “მას არ სჩვეოდა რაიმე მოძღვრების, ან დებულების პირწმინდად უარყოფა, ან ხელაღებით აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოცხადება”.
ნიკო ნიკოლაძემ 1918 წლის 27-28 მაისს მონაწილეობა მიიღო გერმანიასა და საქართველოს შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში, ხოლო შემდეგ ბერლინში გამართულ საქართველო-გერმანიის ორმხრივ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანსაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება და გერმანიასთან ფინანსურ-ეკონომიკური ხელშეკრულების დადება შეადგენდა. ქართულმა დელეგაციამ ნაყოფიერად იღვაწა – მომზადდა საქართველო-გერმანიის “სამეგობრო, ეკონომიკური და სამართლებრივი ხელშეკრულება”. გერმანია დე იურე აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და საფუძველი ეყრებოდა გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობას. თანამშრომლობის ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული დოკუმენტები, ძირითადად, ნიკო ნიკოლაძის შემუშავებული იყო. 1918 წლის ოქტომბერში ნიკო სამშობლოში დაბრუნდა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტს ჩააბარა. 1920 წლის აპრილში ნიკო ნიკოლაძეს საზღვარგარეთ წასვლამ მოუწია. ის დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური მისიის წევრი იყო, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოებში საქართველოსათვის სესხის გამოძებნა ევალებოდა. მისია წარმატებული გამოდგა, მაგრამ ამასობაში საქართველოში ვითარება ძირეულად შეიცვალა. 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის ძალმომრეობის შედეგად დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო, ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. ნიკო ნიკოლაძე უცხოეთში დარჩა და სამშობლოში მხოლოდ 1924 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.
უკანასკნელმა თერგდალეულმა საგულისხმო კვალი დატოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობაშიც. 1917 წლის ნოემბერში ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, რომელიც მომდევნო წლის ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა. 1919 წლის თებერვალში დიდმა ერისკაცმა საყოველთაო-სახალხო არჩევნების შედეგად საქართველოს დამფუძნებელი კრების მანდატი მოიპოვა და ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მართალია, დეპუტატად მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაპირისპირებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით იყო არჩეული და ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას – მძაფრად აკრიტიკებდა მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობასთან თანამშრომლობასაც არ გაურბოდა. ნიკო ნიკოლაძე ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ელიტას დაამშვენებდა. მის დაუშრეტელ გონებას, ნიჭს, უნარს, ცოდნასა და გამოცდილებას ბევრი სახელმწიფო უფრო გონივრულად და ნაყოფიერად გამოიყენებდა, ვიდრე ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ან საბჭოთა საქართველოს მესვეურებმა შეძლეს.
“მთაწმინდაზე დაკრძალეთ!..”
– უკანასკნელი თერგდალეული 1928 წლის 1-ლ აპრილს, 85 წლის ასაკში აღესრულა. კომუნისტური ოფიციოზი მიიჩნევდა, რომ “ნიკო ნიკოლაძემ მთელი თავისი მუშაობის საუკეთესო ხანა განვლო გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ოქტომბრის ალი მოედებოდა ჩვენი ცხოვრების ცის კიდურებს”. საქართველოში გამომავალი ორიოდე გაზეთი, რომლებიც ხელისუფლების სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა, რამდენიმე მოკლე სამგლოვიარო განცხადებისა და ფილიპე მახარაძის ხელმოწერილი ნეკროლოგის გამოქვეყნებით შემოიფარგლა.
საქართველოს ბოლშევიკურ ხელმძღვანელობაში იყვნენ პირები, რომელთაც ნიკო ნიკოლაძისათვის მთაწმინდა არ ემეტებოდათ (ზოგი პანთეონში ადგილს თავისთვისაც უფრთხილდებოდა). თბილისმა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვიტა, სად დაეკრძალათ ღვაწლმოსილი და სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების მოღვაწე. ამ საკითხშიც მთავარი კრემლის მბრძანებლის ნება იყო. ნიკოს შვილის, რუსუდან ნიკოლაძის მოგონების თანახმად, ბოლო სიტყვა სწორედ სტალინმა თქვა. მოსკოვიდან სერგო ორჯონიკიძის დეპეშა მოვიდა სტალინის განკარგულებით: “მთაწმინდაზე დაკრძალეთ, აკაკის გვერდით”.
“ჩემი ნაწერები დროს გაჰყვა”
– ნიკო ნიკოლაძემ უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა პუბლიკაციების სახით. მისი შემოქმედება არსებული სინამდვილის უბადლო აღქმაზე, ერისა და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემათა სიღრმისეულ ანალიზზე, დიდ ცოდნასა და მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ნიკოს ვრცელი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მხოლოდ ნახევარი თუ ჩაეტია დღემდე გამოცემულ მის თხზულებათა 9 მოზრდილ ტომში. ამდენივე, თუ მეტი არა, ჯერაც გამოუქვეყნებელია. რამდენი ბრძნული მოსაზრება, რჩევა თუ შეგონება აქვს გამოთქმული, დღესაც რომ ჰაერივით გვჭირდება, ქვეყანას რომ სულს მოათქმევინებს და წელში გამართავს.
“ჩემი ნაწერები დროს გაჰყვა”, – წერდა დიდი მოღვაწე და მოაზროვნე ცხოვრების მიმწუხრს, მაგრამ საკუთარი შემოქმედების ნიკო ნიკოლაძისეული ეს თავმდაბლური შეფასება სწორი არ არის. დაკვირვებული და “ახლოით მჩხრეკელი” მკითხველი უკანასკნელი თერგდალეულის ნააზრევში ახლაც და მომავალშიც ბევრ საგულისხმოსა და მნიშვნელოვანს აღმოაჩენს.
კვირის პალიტრა