სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, EU საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილ 30 მილიონ ევროს გაყინავს.
მეთიუ მილერმა გაიმეორა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მათი მხრიდან “შედეგი მოჰყვება”.
“რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო სათანადო კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. მაგრამ მე ვიცი, რომ მათ [ევროკავშირში] ცხადად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ცხადად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”, – თქვა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტმა მას ასევე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების “გადახედვა გრძელდება”.
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, ამაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანი. ეს არგუმენტი მოვიყვანეთ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო მაგალითია და ჩვენ ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ”, – თქვა მეთიუ მილერმა.
***
დღეს, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. გარდა ამისა, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა, ხოლო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლად შეაფასა.
5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.