”ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამიჯნული “ხალხის ძალა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე თქვა.
“მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მდინარაძემ.
ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიამ გახსნა ახალი ცენტრალური ოფისი.
გახსნას დაესწრო ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.