საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – რა პროცედურებია EU-ს წევრობამდე და სად ვართ?

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული გზა გრძელდება. 10 მარტს ვერსალში ევროპული საბჭო შეიკრიბა. რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ევროპა უკრაინის უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებს, თუმცა ომში მყოფ უკრაინას “ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის” სტატუსი არ მიანიჭა. მოგვიანებით ლიეტუვის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას იმედგაცრუების გემო ჰქონდა. სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ ინიციატორები, რომ პროცესი სწრაფად წასულიყო წინ, რაც არ მოხდა.

სწრაფი პროცედურები რომ არ დაიწყებოდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების “სწრაფი პროცედურა” არ იქნება, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები სწრაფად არ მიიღება. იყო ნიდერლანდების პრემიერმინისტრის განცხადებაც, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არ მოხდება, რადგან ასეთი პროცედურა უბრალოდ არ არსებობს, წევრობამდე გზა კი საკმაოდ გრძელია.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ უკრაინას უარი უთხრა. პროცესები გრძელდება – უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას კი, სპეციალური კომისია მიიღებს.

ზუსტად ამ გზას ადგას საქართველოც და მოლდოვაც. უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი რუსეთის შეჭრის პარალელურად, 28 თებერვალს წარადგინა, საქართველომ და მოლდოვამ კი ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს გააკეთეს. ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპულმა საბჭომ კომისია საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების განხილვისთვისაც მოიწვია.

თუმცა რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორია ევროკავშირის წევრობის პროცედურა და სად არის ახლა საქართველო? “საქმიანი დილას” ეთერში ამ თემებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს 10 მარტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის – რას შეისწავლის კომისია?

10 მარტს ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესწავლა სპეციალურ კომისიას დაავალა. კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და ევროპას მისი განხილვის ვალდებულება აქვს, თუმცა კარგია, რომ საქართველოს საკითხის განხილვა სწორედ ამ შეხვედრაზე, სწრაფადვე მოხდა (მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი თემები სხვა იყო). კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირება როგორც წესი, 15-30 დღის ვადაში ხდება, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში კი ამას ერთი კვირა დასჭირდა.

შედეგად, ამ ეტაპზე კომისიამ უნდა შეისწავლოს საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკა, პოლიტიკური მდგომარეობა, საკანონმდებლო ჩარჩო – რამდენად ახლოს ან შორს არის საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან და ა.შ.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი: დემოკრატიის ხარისხი, სასამართლო. ამიტომ აუცილებლად სწრაფად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს ამ მიმართულებით”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

რაც შეეხება ვადებს, რა დროში მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა? კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, კომისიას 9-15 თვე სჭირდება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

თუ კომისიამ ქვეყანა შეისწავლა და დადებითი დასკვნა დადო, შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. ამ შემთხვევაში უკვე გაწერილია ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნული კრიტერიუმები 1993 წელს კოპენჰაგენის სამიტზე განსაზღვრეს სპეციალურად ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ კრიტერიუმები 3 ნაწილად არის დაყოფილი:

პოლიტიკური ნაწილი – ინსტიტუტების სტაბილურობა და ფუნქციონირებადი დემოკრატია. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ძალაუფლების გადანაწილება უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუტს შორის, უნდა იყოს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, კარგი მმართველობის პრინციპები, ძალოვანი უწყებების მიერ ადამიანების უფლებების ეფექტიანი დაცვა და ა.შ.

ეკონომიკური ნაწილი – მნიშვნელოვანია საბაზრო ინსტიტუტების გამართული მუშაობა: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები; ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მისი შესაბამისობა საბაზრო პრინციპებთან. უნდა გამოიკვლიონ, აქვთ თუ არა შესაძლებლობა კომპანიებს, გაუძლონ ევროპული კომპანიების კონკურენციას.

სამართლებრვი ნაწილი – კანონმდებლობა უნდა იყოს ევროპული კანონდებლობის შესაბამისი; უნდა მოხდეს ევროპული კანონმდებლობის სრულად გადმოტანა ჩვენს სამართალში.

კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს ნაკისრი, მაგრამ თუ მაშინ 400-მდე დირექტივაზე იყო საუბარი, ევროკავშირის წევრობისთვის 4 ათასზე მეტი რეგულაციის დანერგვაა საჭირო.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ ამ კანონმდებლობის მიღებაზე, არამედ მის პრაქტიკაში განხორციელებაზეც.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – “ეს მხოლოდ დასაწყისია”

“კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს არის პროცესის მხოლოდ დასაწყისი”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი ე.წ. სქრინინგია, როცა ევროკავშირი სწავლობს საქართველოში უკვე დანერგილ რეფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისობას და ა.შ. ამ საკითხების სიღრმისეულ შესწავლას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს. შემდეგ კი იწყება მოლაპარაკებები სრულფასოვან წევრობაზე.

“შეიძლება, გავიდეს გარკვეული პერიოდი და დიდი ხნის განმავლობაში არ დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როცა მოლაპარაკებების დაწყებამდე გასულა 5-6 წელი  – ასე იყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში. თურქეთმა კანდიდატი წევრის სტატუსი 1999 წელს მიიღო, მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო, თუმცა ესეც არ არის საბოლოო დასტური წევრობაზე და ეს ნაწილიც რამდენიმე წელი იწელება, რადგან ხდება ევროკავშირის კანონდმდებლობის თითოეული მუხლის ზედმიწევნითი განხილვა უნდა მოხდეს, რათა გამოვლინდეს დარღვევები, თუ ასეთი არსებობს”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საბოლოოდ, გაერთიანებაში მისაღებად ქვეყნის კანდიდატურა ერთხმად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share