“დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ TV მონიტორინგთან ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მტერია”.

მისი მტკიცებით, დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის სახით “აგენტურა ჰყავს ჩასმული”.

“დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, ხელისუფლება არასწორ გზაზე დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. ამ ხელისუფლებას ნახევარზე მეტი მხარს უჭერს და იმათ როგორ დაელაპარაკება, მაინტერესებს ერთი, მეთიუ მილერი. 

დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა, რკინის ფარდა ჩამოიხსნა და ვინც არიან, ჩანან. ფაქტობრივად, აგენტურა ზუსტად მათ ჰყავთ ჩასმული ე.წ. ოპოზიციის სახით, ნაციონალური მოძრაობისა და ომის პარტიის სახით”, – ამბობს რაზმაძე.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაზმაძე ამბობს:

“აღარ არის მორჩა უკვე”. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ რჩება ქვეყნის სტრატეგიულ მეგობრად, გორის საკრებულოს თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.

“ვინც საქართველოს სუვერენიტეტში და სახელმწიფო საქმეებში არ ჩაერევა და მეგობრობა იქნება იმ დონეზე, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს შეესაბამება… ყველაფერი დალაგდება, არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, არა რუსეთი […] ძალიან მოკლე ხანში გავაკეთებთ ამაზე განცხადებას”,  – ამბობს რაზმაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share