ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში წლის ბოლოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას უკიდურესად სკეპტიკურად აფასებენ. ევროპარლამენტიდან უცვლელი გზავნილები ისმის.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, დღის წესრიგში ახლა უკვე არა დებიძინიზაცია, არამედ ქვეყნის დერუსიფიკაცია დგას. გარდამტეხი რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ამაზე ევროპელი კანონმდებლები ღიად საუბრობენ და 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებენ.
“როდესაც მმართველი პარტიის პრეზენტაციაზე გლობალური ომის პარტიის შესახებ მოვისმინე არ გამკვირვებია, რადგან ეს იგივე ნარატივია რასაც კრემლი ავრცელებს, ისინი კი ზუსტად კრემლის მიმდევრები არიან. ისინი ცდილობენ ეს პროპაგანდა გაავრცელონ საქართველოში და გაავრცელონ ევროპის ქვეყნებში. ასე რომ არაფერი ახალი.
თქვენი მთავრობა, მმართველი პარტია , ისინი არიან კრემლის ქსელის ნაწილი, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან ევროკავშირის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა, არ არის ქართველი ხალხის სურვილი.
მოლაპარაკებების გახსნა ამ ვითარებაში საქართველოსთვის შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხსა და არჩევნებზე. არჩევნებს რეფერენდუმის როლი ექნება, რომელიც გვაჩვენებს ქართველი ხალხი რჩება ევროპული გზის ერთგული, თუ სურს რუსული სამყაროს ნაწილი გახდეს.
ვწუხვარ, მაგრამ ვერავინ გამოასწორებს ამ ვითარებას თქვენს გარდა. რუსული კანონის უკან გაწვევა მხოლოდ ერთი საქმეა. მნიშვნელოვანია რომ შეიცვალოს ანტიევროპული ქცევა, ქმედებები ,რომელსაც სჩადის საქართველოს ხელისუფლება. მე ვთქვი რომ საჭირო იყო დეივანიშვილიზაცია, მაგრამ ახლა ვიტყვი რომ დეკრემლიზაცია უკეთესია. დეკრემლიზაცია ! რადგან საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ევროპას და რუსეთი კი ყველანაირად ცდილობს საქართველო რუსულ სამყაროში დააბრუნოს, “რუსკი მირს” რომ ეძახიან,” – ამბობს “მთავარ არხთან” რასა იუიკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარ ნატალია ლუაზოს თქმით კი, ევროპას სურს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა, თუმცა სანამ არ იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდა, ყველანაირი საუბარი დახურულია.
“ჩვენ ძალიან გვინდა რომ საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ჩვენს ქვეყნებს უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ სანამ ჩვენ არ გვექნება უტყუარი მტკიცებულებები რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევროპულ გზაზე სიარული, ყველანაირი საუბარი მოლაპარაკებების გახსნაზე შეუძლებელია და დახურულია.
თქვენ მეკითხებით რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რუსულ კანონს გაიწვევს უკან ხელისუფლება? – გპასუხობთ – ყველაფერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხელშია.
ჩვენ ძალიან, ძალიან გვაღელვებს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. რუსული კანონი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე კი არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა. ასეთი რამ არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას.
რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესი უმნიშვნელოვანესი იქნება. საუკეთესო მეთოდი ევროპული გზის დამტკიცების იქნება არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. მნიშვნელოვანია ვინ დააკვირდება არჩევნებს, ექნება თუ არა ქართველ ხალხს შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ განვითარებას,” – თქვა ლუაზომ “მთავარ არხთან”.