„პარვუს ჯგუფმა“ შემოქმედის თემის წარმომადგენლებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ციკლი დააანონსა
კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში და აიტვირთება გარემოსდაცვითი ინფრორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე. საინფორმაციო შეხვედრა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. წარმოგიდგენთ მთავარ კითხვებს რაც ჟურნალისტებმა და თემის ახალგაზრდებმა კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვეს.
- კომპანია „პარვუს ბასრა“ გურიის რეგიონში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროლოგიური რესურსის ათვისების მიზნით 2021 წლიდან იწყებს წინასაპროექტო სამუშაოებს, პირველ ეტაპზე დაიგეგმა და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები სამი მცირე ჰესის (თითოეული 2 მეგავატამდე) ასაშენებლად, მოგვიანებითზ, კომპანიამ სიმძლავრე გაზარდა და მოსახლეობას წარუდგინა ჰესები 30 მეგავატამდე ჯამური სიმძლავრით, რამაც მოსახლეობაში გარკვეული კითხვები გააჩინა. რატომ გადაწყდა მშენებლობის პროცესში პროექტის მასშტაბების მნიშვნელოვნად გაზრდა?
წინასაპროექტო სამუშაოების ეტაპზევე , მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით ჩატარებული კველევებისა და დეტალური პროექტირების დროს გამოიკვეთა საპროექტო არეალში პოტენციალის ეფექტურად ათვისების უკეთესი შესაძლებლობა, თუმცა, რეგიონში იმ დროისთვის არ არსებობდა მაღალი ძაბვის ქსელი, რომელთანაც მოხერხდეოდა მიერთება, ჰესების შესაბამისი სიმძლავრე განისაზღვრა ქსელთან მიერთების რეალური შეასაძლებლობის მიხედვით. მოგვიანებით, სახელმწიფოს მიერ დაიწყო 110 კვ ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ,,ოზურგეთი-ზოტიჰესის’’ მშენებლობა და შესაბამისად გაჩნდა ,,ბასრა ჰესების’’ საპროექტო წარმადობის გაზრდის და წარმოებული ენერგიის გაზრდილი რაოდენობის საერთო ქსელში ჩართვის ახალი პერსპექტივა, რომელიც სამომავლოდ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდის, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესების და არაგეგმიური წყვეტების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
გასაგებია, მოსახლეობას გაუჩნდა კითხვები და ჩვენ მათ განვუმარტეთ:
,,ბასრა ჰესების’’ სიმძლავრეების დაკორექტირება განსაზღვრულია ასათვისებელი წყლის ობიექტ(ებ)ის ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესაძლებლობიდან გამომდინარე 4 ძალურ კვანძში (არსებული ჰესის შენობებში) მაღალი გამომუშავების/სიმძლავრის ტურბინების მოწყობის გზით. რაც მთავარია, დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავების გეგმა გამორიცხავს გარემოზე დამატებით ზეგავლენას, სიმძლავრის გაზრდა მოხდება მხოლოდ დამატებითი ტურბინების და არსებული ტურბინების მოდიფიკაციის ხარჯზე.
- კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, საჭიროებს თუ არა 30 მეგავატიანი ჰესი კაშხალის აგებას?
როგორც მოგახსენეთ, პროექტი მისი ტექნიკური მასშტაბებით რჩება უცვლელი, ბასრა ჰესები გახლავთ დამოუკიდებელი, მდინარის მოდინებაზე მომუშავე ობიექტები, რომლებიც არ საჭიროებს კაშხალს, გარკვეულ მონაკვეთზე ხდება წტლის მილებში გატარება და საერთაშორისო სტანდარტით დაშვებულზე მაღალი ეკოლოგიური ხარჯით მდინარე გააგრძელებს ჩადინებას ხეობაში. სიმძლავრეების გაზრდა არ გულისხმობს დამატებითი ჰიდროტექნიკური ობიექტების მოწყობას, ახალი ტერიტორიების ათვისებას.
- იცვლება თუ არა ნებართვები და სხვა დოკუმენტაცია ასეთ დროს, ზოგადად რა ნებართვებს და კვლევების დასკვნებს ფლობს ამ ეტაპზე კომპანია?
კომპანიის მიერ პროექტის განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ჩაატარა კანონმდებლობით დადგენილი წინასამშენებლო კვლევები, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პროექტს გადასულიყო სამშენებლო ფაზაზე; იტალიურმა საპროექტო კომპანიამ უზრუნველყო ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური დიზაინის მომზადება; კომპანიამ მოიპოვა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო და პროექტის არეალში მოქცეულ მიწებზე შესაბამისი უფლებები; ჩატარდა გეოლოგიური, სეისმოლოგიური, ბიომრავალფეროვნების, იქტიოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები და გაიცა დასკვნები საქართველოში ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა (პირველი პროექტით) არ ითვალისწინებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას, კომპანიას ამ კვლევების გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებული ჰქონდა პროექტირების ეტაპზევე. ვინაიდან პროექტის დადგმული სიმძლავრე უკვე ექვემდებარება გარემოს ზემოქმედების კუთხით შესაბამის პროცედურებს, კომპანია ამ ეტაპზე ახორციელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებით სამუშაოებს. სკოპინგის ფარგლებში უკვე წარვუდგინეთ ადგილობრივებს პრეზენტაცია ჰესების ტექნიკური მახასიათებლების აღწერით, ალტერნატივების ანალიზით, შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხით ელექტროენერგიის გენერაციის გეგმით, ხარჯსარგებლიანობის და რისკების ანალიზით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობების ჩათვლით.
- მოსახლეობა ასევე ღელავს, ხომ არ გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს მიმდინარე მშენებლობა და ხომ არ დაშრება ხეობაში მდინარე?
ყველა ის კვლევა, რომელზეც ვსაუბრობთ და წარვადგინეთ ჩვენს შეხვედრაზე, სწორედ ამ მიზნით ჩატარდა და გაცემული დასკვნები ასაბუთებს, რომ მიმდინარე მშენებლობა ვერ იქნება მაღალი ეკოლოგიური რისკების გამომწვევი. ასეთი მასშტაბის პროექტზე ნებართვის გაცემა ამ რისკების შეფასების გარეშე ხომ ვერ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესში ადგილი აქვს ბუნებაზე ზემოქმედების გარკვეულ ქმედებებს, მაგალითად გზის გაყვანისას ხდება კლდის ნაწილის ჩამოშლა, იჭრება ხეებიც, ყველა ეს ქმედება ხდება წინასწარ აღებული ნებართვებით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, და რაც მთავარია მას ახლავს სათანადო მაკორექტირებელი ქმედებები/შემარბილებელი ღონისძიებები, რომლის შესრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება ნარჩენი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება, ხოლო უკეთეს შემთხვევაში პრევენცია (დამოკიდებულია შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვებაზე, რასაც ასევე ითვალისწინებს გზშ-ის დოკუმენტი).
მაგალითად, მდინარის ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების მთავარ/ძირითად მაკორექტირებელ ქმედებებს წარმოდგენს: სათავე ნაგებობებიდან ქვედა ბიეფში (ნიშნულზე) დადგენილი ეკოლოგიური ხარჯის მუდმივად გატარება და კონტროლი; მდინარეში ეკოლოგიური ხარჯის ტოლი ან მასზე ნაკლები ხარჯის მოდინების შემთხვევაში ჰეს(ებ)ის მუშაობის შეჩერება და მოდინებული წყლის ხარჯის სრულად გატარება სათავე კვანძის ქვედა ბიეფში; ქვედა ბიეფში მყარი ნატანის გატარების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით წყალდიდობების დროს; სათავე კვანძების კვეთებში მონიტორინგის განხორციელება მყარი ნატანის შესაძლო დაგროვების და მისი გატარების უზრუნველსაყოფად; კალაპოტის მართვის ღონისძიებების უზრუნველყოფა და სხვა.
- წყლის ეკოლოგიურ ხარჯსაც რომ შევეხოთ, განვუმარტოთ მოსახლეობას, რა მეთოდით მოხდა დათვლა?
მოდი, განვმარტოთ რა არის ეკოლოგიური ხარჯი, ეკოლოგიურ ხარჯად ითვლება წყლის ის რაოდენობა, რომელიც მუდმივად უნდა მიედინებოდეს კალაპოტში მდინარის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად. ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტირებისას გამოიყენება გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო მინიმალური ჩამონადენის 10% დატოვებას მდინარის კალაპოტში, ან ხარჯს საშუალო წლიური ჩამონადენის 90-99% უზრუნველყოფის სიდიდეებს შორის (,,მდინარის სანიტარულ-ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგია’’; ვაჟა ტრაპაიძე1, დავით კერესელიძე1, კახაბერ ბილაშვილი1, გიორგი ბრეგვაძე1).
ზემოქმედებას დაქვემდებარებულ მდინარესთან დაკავშირებული, მათ შორის იქთიოფაუნის და ზოგადად მდინარის ეკოლოგიური გარემოსთვის განსაზღვრული ეკოლოგიური ხარჯ(ებ)ის საკმარისობის საკითხის შეფასება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები ასახულია გზშ-ს ანგარიშში, ამასთან აღსანიშნავია, რომ სათავე ნაგებობებზე გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით (FAO) რეკომენდებული თევზსავალების მოწყობა, რომელთა ჰიდრავლიკური ანგარიში ეყრდნობა სხვადასხვა პარამეტრებს, მათ შორის ეკოლოგიური ხარჯის რაოდენობას, მდინარესთან დაკავშირებულ იქთიოფაუნის სახეობებს და სხვა, პარამეტრები გაანგარიშებულია შესაბამისი მეთოდიკების (FAO) საფუძველზე. ეკოლოგიური ხარჯის გატარება მთლიანად გათვალისწინებულია თევზსავალ(ებ)ის საშუალებით.
- საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკით აღიარებული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას კომპანიას ავალდებულებს შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად თემში სოციალური საკითხების მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს. კერძოდ რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს კომპანია?
ამ მიზნის განსასაზღვრად, პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში, კარდაკარის და სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციის ფორმატით, არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრების მიზანი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და სოფლებში არსებული საჭიროებების კვლევა იყო. მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ გეგმა, 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით: საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და სამედიცინო, მათ შორის შშმ პირების დახმარების და მხარდაჭერის პროექტები. ძალიან გვეამაყება ის რომ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულია USAID და მის პროგრამებთან თანამშრომლობით ვატარებთ ტრენინგებს მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მდგრადი განვითარება და სარგებლის გადანაწილება ჩვენი ხედვის ამოსავალი წერტილია.
დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლდათ, მოვუსმინეთ მოქალაქეებს, ვთხოვეთ თავად წარმოგვიდგინონ საჭიროებები, მათთვის საინტერესო პროექტები, რომელსაც განვიხილავთ ადგილობრივ თვითთმართველობასთან ერთად და განვახორციელებთ, მათივე ჩართულობით და სურვილების გათვალისწინებით.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყოველ კვირეულად შედგება მსგავსი შეხვედრები და ეპატიჟებიან ყველა მსურველს თემიდან მიიღონ მონაწილეობა სოციალური პროექტების განხილვასა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
„პარვუს ჯგუფის“ მხრიდან შეკითხვებს პასუხობდნენ პროექტის მენეჯერი ზურაბ ბესელია, პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელი გიორგი გულდედავა და ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ლევან ოზბეთელაშვილი