გურიის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში 8 აგვისტოს კაცი სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს – ამის შესახებ ტაბულას ინფორმაციას ორი წყარო უდასტურებს.
მოკლულის ოჯახის ახლობლის ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა, სადაც მას სასმლითა და საკვებით გაუმასპინძლდნენ. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა კაცი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. შემდეგ კი, პოლიციაში მივიდა, სადაც სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ კაცს სცემა და “მისულიყვნენ, თუ მიუსწრებდნენ.”
როგორც მეორე წყარო ტაბულას უყვება, ბრალდებული უკვე დაკავებულია, მოკლულს კი ძვლები დალეწილ მდგომარეობაში აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.