რუსეთი უკრაინის ფრონტიდან სამხედრო ძალებს ხსნის. პუტინს კურსკის დასაცავად სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა. სუჯა უკვე მთლიანად უკრაინელების ხელშია. ქალაქებისა და ათეულობით დასახლების დაკარგვის შემდეგ ახლა რუსების მთავარი ამოცანა კურსკის ატომური ელექტროსადგურის დაცვაა. თუმცა მანამდე პუტინის არმია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. დღეს უკრაინელებმა ოკუპანტების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს და სუ 34-იც ჩამოაგდეს.
ეს თქვენ საქართველოსთვის – სამახსოვრო წარწერა რუსებს აღებულ რუსულ ქალაქში დაუტოვეს. სუჯაში გადაღებულმა ფოტომ დღეს სოციალური ქსელი დაიპყრო. ფაქტია, რომ ორწლიანი ომის შემდეგ, ვითარება ფრონტის ხაზზე ერთ კვირაში რადიკალურად შეიცვალა. პუტინის არმია თავდაცვის რეჟიმშია გადასული და ხანრგძლივი ომისთვის უკვე საკუთარ ტერიტორიაზე ემზადება.