Black Sea Arena ბერა ივანიშვილის ხელში – რატომ ჩამოართვეს წულუკიანს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მართვა?

“ბლექ სი არენა” დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელში გადადის. საკონცერტო დარბაზი თბილისის ფილარმონიასთან ერთად, კულტურის სამინისტროს ჩამოართვეს და მათი მართვა მთავრობის ადმინისტრაციამ ჩაიბარა. განკარგულებას ხელი კობახიძემ 15 აგვისტოს მოაწერა.

დოკუმენტების მიხედვით, ახლა ფილარმონიისა და ბლექს სი არენას მართვა ერთ ადამიანს უნდა ჩაბარდეს.  ოპოზიციის აზრით, გადაწყვეტილების უკან ბერა ივანიშვილის საძმაკაცო დგას, რომლებიც წლებია ზღვისპირა არენას  მართავენ და ბიუჯეტიდან ხელფასის სახით ათასობით ლარს იღებენ. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ბესო დონაძე ვარაუდობს, რომ გამსხვილებული კომპანიის მართვა სავარაუდოდ სწორედ მათ ხელში დარჩება.

რატომ ჩამოართვეს თეა წულუკიანს ქვეყნის ორი უმსხვილესი საკონცერტო დარბაზის მართვის სადავეები?  ერთ-ერთი ვერსიით, ცვლილებები კლანური ხასიათისაა და ბერას გარემოცვას წულუკიანის უშუალო დავალებების შესრულება არ სურდა. სხვა მოსაზრებით, წლების განმავლობაში ჩატარებული ფინანსურად წამგებიანი კონცერტების გამო, კულტურის მინისტრმა საკონცერტო დარბაზის მოშორება თავად გადაწყვიტა.

ბლექ სი არენა ოლიგარქმა ივანიშვილმა სახელმწიფოს 7 წლის წინ გადასცა და მისი შენახვა მოქალაქეებს ამ პერიოდში 100 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ. მაგალითისთვის მხოლოდ დარბაზის სახურავის შეკეთება ბიუჯეტს 300 000 ლარი  უღირდა.  მილიონობით ლარი იხარჯება ბერა ივანიშვილის მეგობრების ხელფასებზეც, რომლებიც ბლექ სი არენას მენეჯმენტში არიან.

წამგებიანია აღმოჩნდა კონცერტების პროგრამაც. გასული წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კონცერტების ორგანიზება 37 მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო ბილეთების გაყიდვისა და სპონსორებისგან შემოსავალმა ჯამში მხოლოდ 18 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო კომპანიამ ჩადებული თანხის ნახევრის ამოღებაც ვერ შეძლო.

ოლიგარქის მიერ ხალხისთვის გადმოცემული ბლექ სი არენას შენახვა, თავად ხალხს და ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდა. წამგებიანი კონცერტების გამო კი შემოსავლის გარეშე დარჩენილ დარბაზებს კვლავ ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

მთავარი არხი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share