“ამაზონის” რუსული ანალოგი საქართველოში შემოდის. კომპანია “ვაილდბერისი”, რომელიც პუტინისა და კადიროვის ახლო გარემოცვის ბიზნესია, ჩვენს ქვეყანაში ოპერირების დასაწყებად სხვადასხვა პოზიციაზე უკვე ვაკანსიებსაც აცხადებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ეს კომპანია დასავლური ქვეყნების მიერ ომის მხარდაჭერის გამოა სანქცირებული და ამჟამად რუსეთის ბიუჯეტის უმსხვილესი გადასახადების გადამხდელია. რატომ აძლევს საქართველოში მუშაობის საშუალებას ოცნების ხელისუფლება სანქცირებულ ბიზნესს, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას, არამედ მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციასაც საფრთხის წინაშე აყენებს- კითხვები ბევრია, თუმცა სახელმწიფო უწყებები ინფორმაციის გასაჯაროებიდან მეორე დღესაც განმარტებებს არ აკეთებენ.
“იანდექსის” ნავიგაციის სისტემაში იძებნება “ვაილდბერის თბილისის” ფილიალის მისამართიც, აქვეა ოფისის ფოტოც.
დასტურდება, რომ ვაილდბერის ტვირთები საქართველოში უკვე თვეებია შემოდის. ინტერნეტსივრცეში იძებნება განცხადებაც ვაკანსიის შესახებ, სანქცირებული რუსული კომპანია თბილისის ფილიალისთვის მენეჯერს ეძებს.
მთავარი მიზეზი რის გამოც კომპანია ჯერ კიდევ 2021 წელს უკრაინამ დაასანქცირა ანტიუკრაინული წიგნებისა და სამხედრო ფორმების გაყიდვაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ვაილდბერისი პოლონეთმაც დაასანქცირა, ამჯერად უკვე ომის მხარდაჭერის გამო.
ორივე ქვეყანაში დასანქცირებულია კომპანიის მფლობელი ტატიანა ბაკალჩუკიც, რომელიც როგორც კადიროვების ოჯახთან ასევე პუტინთან დაახლოებული პირია. საერთაშორისო გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ახლა ბაკალჩუკი პირადად პუტინის დავალებით მუშაობს ახალ რუსულ გადახდის სისტემაზე, რომელიც სპეციალურად “სვიფტიდან” გათიშული რუსული ბანკებისთვის იქმნება.
კომპანიის საქართველოში შემოსვლა მხოლოდ სანქციების რისკსა და საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების საფრთხეს არ ქმნის. ონლაინ მაღაზია აგროვებს მომხმარებლის პირად მონაცემებს, რომლებიც ბოლოს რუსული სპეცსამსახურების ხელში ხვდება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო უწყებები მსგავსი რუსული პლატფორმების საქართველოში ოპერირებას უნდა კრძალავდნენ, თუმცა რეალურად სულ სხვანაირად ხდება.
სანქცირებული რუსული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ლოგო თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდა. ვაილდბერისი რუსეთის გარდა მხოლოდ ფედერაციის პარტნიორ ქვეყნებში ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში ოპერირებს.
მთავარი არხი