“მედიაომბუდსმენმა” 2023 და 2024 წელს საქართველოს პარლამენტის შენობაში მედიის სამუშაო პირობების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის და დარღვევის 19 შემთხვევაზე.
ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 15 ჟურნალისტისა და ოპერატორის კონსტიტუციური უფლების დასაცავად, მათ არაერთხელ მიმართეს, თუმცა 2024 წლის 20 აგვისტოსთვის სახელმწიფოს საპასუხო ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ანგარიშის თანახმად, პარლამენტის შენობაში, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, შეზღუდვები და ხელოვნური ბარიერები გამოყენებული იყო დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფების მიმართ. სახდელის დაკისრების ინიციატორები იყვნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის აპარატი.
მედიასაშუალებების მიხედვით, ინციდენტები შემდეგნაირია:
ტელეკომპანია პირველი – 5
ფორმულა – 5
მთავარი არხი – 4
On.ge – 1
ონლაინგამოცემა „პუბლიკა” – 1
ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი”/„ბათუმელები” – 1
ჟურნალისტების და ოპერატორების უფლებების დარღვევის შინაარსი:
პარლამენტის შენობიდან გამოძევება – 3 შემთხვევა
პარლამენტის წევრის ეთიკური ნორმების სავარაუდო დარღვევა – 3 შემთხვევა
აკრედიტაციის შეჩერება – 12 შემთხვევა, აქედან, 1 სახდელის განმეორებით დაკისრება.
შეზღუდვები გენდერული ნიშნის მიხედვით:
ქალი -10 (აქედან, ორი ქალი ჟურნალისტის უფლება ორჯერ დაირღვა)
კაცი – 9
შეზღუდვები პროფესიული ნიშნით:
ჟურნალისტი – 12
ოპერატორი – 4
ფოტოჟურნალისტი – 1
2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა მედიის 2829 წარმომადგენელს. მათგან, 1160-ზე გაიცა სპეციალური აკრედიტაცია (ერთჯერადი საშვი), ხოლო პარლამენტში აკრედიტებულმა 1669-მა პირმა ისარგებლა აკრედიტაციის ბარათით.
სამუშაო გარემო პარლამენტის შენობაში განსაკუთრებულად რთული და შეზღუდულია კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟურნალისტებისათვის;
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატები დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტების მიმართ ავლენდნენ აგრესიას;
2023 წელს პარლამენტის აპარატმა დაამკვიდრა ჟურნალისტების და ოპერატორების ერთობლივად სანქცირების პრაქტიკა. პარლამენტის აპარატმა შეცვალა ტენდენცია და 2024 წელს დასაჯა მხოლოდ ჟურნალისტები;
ე.წ. „რუსული კანონის” მიღებისას სამი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეისწავლა მედიის წარმომადგენლების შევიწროვების და მათი პარლამენტის შენობიდან გამოძევების საკითხების კანონიერება. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების და მიმართვისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს არ მიანიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის;
განმეორებითი დარღვევის საფუძვლით საქართველოს პარლამენტის აპარატმა უკანონო და არაპროპორციული სახდელი გამოიყენა ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტის სოფიო გოზალიშვილის მიმართ, როცა ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალა საქართველოს პარლამენტში საქმიანობა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს 2023 წელს პარლამენტის წინააღმდეგ რეგლამენტის გაუქმებასთან დაკავშირებული დავები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
„მედიაომბუდსმენი” მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დროულად განიხილოს შემდეგი ჟურნალისტების საქმეები:
„შპს ფორმულა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; – „შპს ტელეკომპანია პირველი და ნატალია ქაჯაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”;
„ააიპ მედიაომბუდსმენი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
“„მედიაომბუდსმენი” მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, ერთობლიობაში შეისწავლოს ჟურნალისტების და ოპერატორების შეზღუდვის 19 შემთხვევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად;
„მედიაომბუდსმენი” მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რათა შეწყდეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და გააუმჯობესოს მედიის წარმომადგენლების სამუშაო გარემო.
„მედიაომბუდსმენი” ანგარიშში ხაზს ასევე უსვამს შემდეგს:
სამი ჟურნალისტის პარლამენტის შენობიდან გამოძევების საქმე რეაგირების გარეშე დარჩა.
2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს 11 ტელეკომპანია „ფორმულას” ფოტორეპორტიორი ვახტანგ ქარელი, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის” ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია და ონლაინ გამოცემა On.ge-ს რედაქტორი თამარ გეგიძე. სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცის კომიტეტებში, რუსული შინაარსის კანონპროექტის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა. ჟურნალისტებზე, პარლამენტის ადმინისტრაციის მიერვე იყო დაშვებული შესაბამისი საშვი. ვახტანგ ქარელს არ მიეცა შესაძლებლობა წამოეღო პირადი ნივთებიც კი, რომელიც საბოლოოდ ადმინისტრაციის მიერ მიეწოდა.
ასევე, 2023 წლის 6 მარტიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 12 წარმომადგენელს 13 შემთხვევასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის აპარატის მიერ განვითარებული პრაქტიკა, რაც კრიტიკული მედიასაშუალებების დასჯის ტენდენციად ჩამოყალიბდა, ყველაზე თვალსაჩინოდ მიანიშნებს შემაშფოთებელ შედეგზე – საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან კრიზისზე.
რუსუდან დუმბაძე „ტელეკომპანია პირველი”
ნატალია ქაჯაია „ტელეკომპანია პირველი“
მაკა ჩიხლაძე „ტელეკომპანია პირველი“
ირაკლი მურმანიშვილი „ტელეკომპანია პირველი”
თათია წოწონავა „მთავარი არხი”
ზურაბ ჩხვირკია „მთავარი არხი”
სოფიო გოზალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულა”
გიგა აღდგომელაშვილი ტელეკომპანია „ფორმულა”
გიორგი კიკაბიძე ტელეკომპანია „ფორმულა”
გენადი ქვაჩახია ტელეკომპანია „ფორმულა”
2024 წელი (იანვარი- აგვისტო)
ნინი ბალანჩივაძე „მთავარი არხი”;
სოფიო გოზალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულა”;
ნათია ამირანაშვილი ონლაინგამოცემა „პუბლიკა”“, – ვკითხულობთ ანგარიშში.