პირველ სექტემბერს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-მა არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის კომენტარი გაავრცელა ენათმეცნიერი მარინა ბერაძის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოსვლის შესახებ. მაჭავარიანის თქმით, ინსტიტუტი ბერიძის პოზიციას არ იზიარებს.
“მისი პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას, ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რის თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს” – რუსთავი 2-ზე დაყრდნობით, თქვა მაჭავარიანმა.
კვლევა, რომელზეც მაჭავარიანი საუბრობს მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა.
“უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა” – თქვა ბერიძემ სხდომაზე.
მაჭავარიანის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისთვის ბერიძე შეუფერებელი კანდიდატი იყო, ხოლო მის მიერ წამოჭრილი საკითხები არა ენათმეცნიერების სფეროსთან კავშირში, არამედ ფსიქოლოგიური, “განწყობის საქმე” იყო.
“ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც ცდილობდა, რომ თავი გაერთმია, ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც” – ამბობს მაჭავარიანი.
მაჭავარიანის მტკიცებით, ბერიძის გამოსვლა “ბევრმა ვერ გაიგო” და უმჯობესი იქნებოდა, მას საზოგადოებასთან უფრო “გასაგები ენით” ესაუბრა.
“და რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა უფრო გასაგები ენით ესაუბრა საზოგადოებასთან იმიტომ, რომ როგორც გამოჩნდა მერე ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს” – დაამატა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა.
ცნობისთვის, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე 31 აგვისტოს მოწმედ ენათმეცნიერი მარინა ბერიძე წარსდგა. მან სხდომაზე განმარტა, თუ რატომ არის კანონის სახელი ნეგატიური კონოტაციის მატარებელი.
“აგენტის ფუნქცია არ წასულა არსად, კანონიდან ის ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა ამ კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა – აგენტმა… ტერმინ [უცხო ძალის ინტერესების] გამტარებელს შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა და ბალანსი, რომ არ არ გამხდარიყო… ფაქტობრივად ის გავასინონიმეთ აგენტთან ასეთი მარტივი მექანიკური ჩანაცვლებით და ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარსს” – აღნიშნა ბერიძემ სხდომაზე.