აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური, უპირებენ, დააბრუნონ ციხეში – ალასანია ვივამედზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე ვივამედის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ კლინიკა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და იმას ემორჩილება, რასაც პენიტენციური სისტემა უბრძანებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვივამედის არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის აქ დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. თურმე ბოლო უკანასკნელ სამ დღეს მან დაიწყო ისევ თვითდაზიანება, უკვე გასაგები იყო, რომ უპირებენ, დააბრუნონ ციხეში და ვუთხარი კიდევაც ჩემ შვილს.”, – განაცხადა მან.

დღეს კლინიკა ვივამედმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “სავარაუდოდ, იძულებულები” ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. მათი თქმით, სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.

სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share