ზუგდიდის ტრაგედიამ 3 კვირის წინ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელობის გამო ჰქონდა შეწყვეტილი. რის გამოც სახლში მარტო მყოფ ოთხ ბავშვს სანთელი ენთო, რამაც ბინაში ცეცხლი გააჩინა. ტყუპების უფროსმა და-ძმამ ხანძარს თავი დააღწია და ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა მოასწრო; დავალიანება კი ტრაგიკული ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის – 6 წლის ტყუპი ძმებისთვის აღმოჩნდა.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე მარტოხელა დედა 4 შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დედას შვილების გამოკვებისთვის მძიმე ფიზიკური შრომა უწევს. ის ხანძრის დროს თხილის საკრეფად იყო წასული.
უფროს დას კვამლის სუნზე გაეღვიძა და 9 წლის ძმა სახლიდან გამოიყვანა. მეზობლებმა უკან შებრუნების და პატარა ტყუპების გამოყვანის უფლება, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღარ მისცეს. ისიც და ყველა იქ მყოფი ადამიანიც, ქვემოდან უყურებდა, როგორ ითხოვდნენ დახმარებას 6 წლის ტყუპები – გაბრიელი და გიორგი.
სახლში, სადაც 4 ბავშვი ცხოვრობდა, თანხის გადაუხდელობის გამო 13 აგვისტოს დილას შუქი ჩაჭრეს. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არ არსებობს, მაგრამ სახლში ხანძარი დიდი ალბათობით, უშუქობაში ანთებული სანთლის ალმა გამოიწვია.
ქრისტინე ბიაძემ იმ ღამის შესახებ მხოლოდ თვითმხილველების მონაყოლიდან იცის.
“ისიც გავიგე, რომ ტყუპები აივნიდან ყვიროდნენო, გვიშველეთ, ცეცხლი გვეკიდებაო, მაგრამ არავინ არ გამოჩნდა იმის გმირი, რომ გადაერჩინა ჩემი შვილები…რა გახდა ერთი ჭიქა წყალი, ვერ გადაასხეს ბავშვებს, რომ არ დამწვარიყვნენ?
დილით სამუშაოზე ვიყავი წასული თხილის გასაბერტყად, მერე ის ავხიკეთ და გვიანობამდე შემოვრჩით. ვარჩევდით, რომ შუქი გვქონდა გათიშული და შუქის ფული უნდა გადაგვეხადა.
50 ლარი იყო, მაგრამ ვთხოვეთ, რომ ხვალ ჩავრიცხავ დილითთქო, არაო, მე უფლება არ მაქვს რომ ჩაგირთოთო შუქიო. სანთელი გვქონდა დანთებული და სანთლის შუქმა გამოიწვია. ჩაეძინათ სავარაუდოდ ბავშვებს და გაჩნდა იქიდან ხანძარი.” ამბობს დაღუპული ბავშვების დედა, ქრისტინე ბიაძე
ქრისტინე ბიაძე გვიყვება, რომ მრავალშვილიანი ოჯახი წლებია მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ამის გამო შვილები გარკვეული პერიოდით მინდობით აღზრდაში იყვნენ. დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა და ბავშვები დაებრუნებინა. იმ ღამითაც სწორედ ამ მიზეზით არ იყო სახლში:
“მინდობით აღზრდაში იყვნენ იმის გამო, რომ არ შემეძლო მათი გამოკვება. იმდენი მოვახერხე, რომ ნაქირავებში შევედი, თვეში 1000 ლარს ვიხდიდი იმის გამო, რომ ესენი დამებრუნებინა და ახლა ასეთი ამბავი დამატყდა თავს. ახლა უკვე არაფრის ხალის აღარა მაქვს. “
4 შვილის დედას არასდროს დაავიწყდება მომენტი, როდესაც ტაქსი სახლთან გაჩერდა და დაინახა რომ ყველაფერი დამწვარი იყო. არასდროს დაავიწყდება იქ მყოფი ერთ-ერთი ადამიანის მიძახებული ფრაზა – შენი შვილები დაიხოცნენ და შენ აქ რაღა გინდაო. ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რომ დედა სამუშაოდ კი არა გასართობად იყო წასული.
“ტაქსი გამოვიძახე, წავედი, სახლში რომ მივედი უკვე ყველაფერ დამთავრებული იყო. ტყუპები წაყვანილი ჰყავდათ, ესენი საავადმყოფოში იყვნენ და მეზობლებმა – შენი შვილები დაიღუპნენ და შენ რაღატო მოხვედიო. ჩემზე მეტად ვის ეწვის ჩემი შვილები?
გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუში იყო დედა საგულაოდ და გათხლეშილი მთვრალი მოიყვანა პოლიციამო. რომელმა პოლიციამ მიმიყვანა მთვრალი, როცა სამუშაოდან დასისხლიანებული ხელებით მოვედი, სველი, გაწუწული…
ზღვაზე უნდოდათ წასვლა, დავპირდით რომ მეორე დღეს უნდა წაგვეყვანა. ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, ამას თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ.
ტყუპები ყოველთვის იმას მეუბნებოდნენ, დედიკო პატარა ბინაში ვართ დიდ სახლში როდის გადავალთო. ოცნებად ჰქონდათ მოწესრიგებულ სახლში გვეცხოვრა. ” ამბობს ქრისტინე ბიაძე.
ტრაგიკული ღამის შემდეგ სახლში არავინ დაბრუნებულა. ქრისტინე ბიაძეს ორ შვილთან ერთად საცხოვრებელიც არ აქვს. სახელმწიფოს ნაცვლად კი დაზარალებულ ოჯახზე მზრუნველობა საქველმოქმედო ფონდმა “შეცვალე სიყვარულით” იკისრა და მათთვის ბინის შესაძენად ფულს აგროვებს.