ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისთვის ემზადებიან – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით,ძლიერი ნალექის გამო სტიქია შესაძლოა შეეხოს ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას. ავსტრიაში ქვიშის ტომრებს უკვე ამზადებენ, ჩეხეთში კი წყლის რეზერვუარები დაცალეს. ავსტრიაში, მთებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და თოვლმა უკვე გამოიწვია პრობლემები მოგზაურებისთვის.
კანცლერ კარლ ნეჰამერის თქმით, ქვეყანა მზად არის, სტიქიასთან გამკლავების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, 1000-მდე ჯარისკაცი გამოყოს. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქ ვენაში. უწყვეტ ძლიერ წვიმას ელოდებიან მოსაზღვრე გერმანიის შტატ ბავარიაში.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ჩეხეთში, იესენიკის მთებში 400მმ-ზე მეტი რაოდენობის ნალექის მოსვლას ელოდებიან, საიდანაც წყალი უკვე მდინარე ოდრაში ჩაედინება, რომელიც თავის მხრივ, პოლონეთისკენ მიდის და გზად რამდენიმე ქალაქს გაივლის. პრაღაში მდინარე ვლტავას ნაპირებს ქვიშით სავსე ტომრებით უკვე ამაგრებენ.
ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან პოლონეთის სამხრეთით, ოთხ პროვინციაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვროცლავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტები მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, დროებით გათიშეს.