”ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში, ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირების, შინდისის გმირების სამშობლოში და მე დღეს აქედანაც, კახეთიდანაც, მინდა ბიძინა ივანიშვილს გავაგონო ჩვენი ხმა, რომ კახეთი, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, რომ საქართველო მტრების წინაშე, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბოდიში მტრის წინაშე მოსახდელი არა აქვს! …
ახლა, როცა ევროკავშირში გაწევრიანება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ჩვენ ერთიანობის ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. სწორედ ევროპაშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ევროპაშია რეალური და არა ყალბი, მოჩვენებითი მშვიდობა, რაზეც ივანიშვილი საუბრობს და რომლითაც ის წინასაარჩევნოდ სპეკულირებს. ევროპაშია დაცულობა და სტაბილურობა, ევროპაშია ღირსეული ხელფასები და ღირსეული პენსია, ევროპაშია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. ევროპაშია 14-მილიარდიანი დახმარების ფონდი, რომელზე წვდომაც საქართველოს მიეცემა გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მომენტიდან. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია ავაშენოთ სკოლები, საავადმყოფოები. როდესაც ათასობით ბავშვი სკოლამდელ განათლებას დღეს ვერ იღებს საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, ეს არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.
გპირდებით: ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე…
მჯერა, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, იქნება სწორედ შესაძლებლობა, რომ საქართველომ უარი თქვას სიღატაკეზე იზოლაციაში და აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა! დიახ, მე მჯერა, რომ ევროპელი, ქართველი ხალხი, ამაყად, 26 ოქტომბერს სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს!”-
განაცხადა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.