ცესკო-ს მონაცემებით, 120 000 ახალგაზრდა ამ არჩევნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას და თავის არჩევანსაც პირველად გააკეთებს. ეს ის ფერადი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ოლიგარქიული რეჟიმისა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წინა ხაზზე იდგნენ და მათ – ოცნების პროპაგანდამ ვერაფერი დააკლო.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების დაპირებები ძირითადად უფროს თაობაზე იყო გათვლილი. შედეგად, ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებს უფრო მეტად დაშორდნენ. ახლა კი, როცა აქციებზე მებრძოლი თაობა პირველად მიდის არჩევნებზე, მათი ჩართულობა პოლიტიკოსებისთვისაც გამოწვევაა, რადგან მათი ძველებური დაპირებები ახალგაზრდებზე არ მუშაობს.
პოლიტიკური ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ ქვეყნის მომავალი ახალ თაობაზეა დამოკიდებული – თაობაზე, რომელიც აქტიურად ითხოვს ცვლილებებს და ახალი, პროგრესული იდეების განხორციელებას. თუ მათ ახალგაზრდების მხარდაჭერის მოპოვება სურთ, უნდა შეძლონ არამხოლოდ მოუსმინონ, არამედ რეალურად გაიგონ ამ თაობის პრობლემები, საჭიროებები და სურვილები. ჯენზის სურს პოლიტიკურმა ლიდერებმა მკაფიოდ აჩვენონ, რომ მზად არიან მათი მომავლის გასაუმჯობესებლად გადადგან კონკრეტული ნაბიჯები.
ახალმა თაობამ ზუსტად იცის რომ იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, აცნობიერებს, რომ პოლიტიკური პროცესების მართვის ბერკეტი- ხელისუფლების არჩევა ახლა მათ ხელშია. ახალგაზრდებმა კარგად იციან როგორი ხელისუფლება და როგორი საქართველო სურთ.
ახალგაზრდები ითხოვენ რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტად მოუსმინონ, გაიგონ მათი ხედვები და სურვილები, რადგან სწორედ მათი ხმა შეასრულებს მნიშვნელოვან როლს 26 ოქტომბრის არჩევნებში.