„თუ რაკეტები და ტანკები გვინდა, მაშინ არაფერი გამოგვივა“

ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თემაზე ისაუბრა… “დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს… ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”… ივანიშვილის ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ამ თემაზე აზრი  ხელოვანმა ადამიანებმა ”კვირის პალიტრასთან” გამოხატეს:

“ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ დავუშავეთ და ეს ბოდიში შეიძლება ძალიან სწორად იყოს ნათქვამი, სწორ მომენტში”

მანანა კოზაკოვა, მსახიობი: – ჩემი აზრით, ჩვენ, ოსებსა და აფხაზებს ერთმანეთისთვის ბევრი ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ჩემი საოცნებო სცენარის მიხედვით, ოდესმე კვლავ ერთნი ვიქნებით, საქართველო ერთიანი იქნება. ჩვენ, ხალხმა, ერთმანეთს ბევრი რამ დავუშავეთ და, რა თქმა უნდა, ეს ბოდიში შეიძლება ძალიან სწორად იყოს ნათქვამი, სწორ მომენტში. თუ ვამბობთ, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, თითქოს ჩვენ მათი ტერიტორიული­ მთლიანობა დავარღვიეთ, ცხადია, ეს სხვაა, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ უნდა შევრი­გდეთ, მაშინ ორივე მხარემ ბოდიშით უნდა დავიწყოთ…

ხომ არ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ ან შეცდომებზე, ან გაკეთებულ საქმეზე? მომავალზე უნდა ვისაუბროთ, გეგმებზე, თორემ მუდმივი დაძაბულობით და ქოცნაცობით წინ ვერ წავალთ. როდემდე? უამრავი შეცდომა და გადაცდომა რომ ჰქონდათ, იმიტომაც გადაირჩია ხალხმა. ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, უკან არ უნდა ვიყუროთ და თუ ვიყურებით, ვეცადოთ შეცდომები გამოვასწოროთ.

რუსეთთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი მაგათგან მოდის! ბოლოს და ბოლოს, მე ძმა და მამა მყავს რუსი, მაგრამ მათი პოლიტიკა ჩემთვის არასდროს იქნება მისაღები! ვერ ვიქნები შემწყნარებელი იმის მიმართ, რაც რუსეთმა­ გაგვიკეთა და დღესაც აგრძელებს. არ ვამბობ, რომ უნდა ვეომოთ, მაგრამ როგორც მოლდოვა­ იჭერს თავის პოზიციას, ხომ შეიძლება­ ჩვენც ასე ვიყოთ? პრიორიტეტი იყოს ევროპა. თავმოყვარეობაც ხომ არსებობს, გუშინდელი მეხსიერებაც. რადიკალიზმი არ არის საჭირო. სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდიოდა, ლილიპუტინს ეძახდა… ამას ნუ გააკეთებ, მაგრამ არ “შეეტენო”.

– აფხაზებსა და ოსებს უნდათ კი ჩვენთან შერიგება?

– ცოტა ხნის წინ ჩემი ძმა იყო გადაღებაზე. მითხრა, აფხაზ ახალგაზრდებს­ მივუჯექი და ვსაუბრობდითო. უკითხავს­, ჩემი და ნახევრად ქართველია და აქ რომ იყოს, არ მიიღებდითო? არაო… იქ დიდია რუსული გავლენა, რუსული ფული, პენსია, ჩაკეტილობა… იციან, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს გამო არ აღიარებს და საქართველომ რომ აღიაროს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა­, არ გამოვა. ვისაც ევროპაში სწავლა უნდა, ხელი ეშლება და ჰგონიათ, ეს ჩვენ გამო ხდება. ამ ყველაფერს გონივრული მუშაობა სჭირდება.

ჩვენი სახელმწიფო მათ ძალიან ეხმარება, თუნდაც მედიცინით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი,­ რუსეთს დიდი გავლენა აქვს. ჯერ ჩვენ რა ცოტანი ვართ და აფხაზები და ოსები,­ მით უმეტეს. ყველა ხვდება, რომ შეცდომებია დაშვებული, მაგრამ ამის მარტივად დალაგება ჯადოსნური ჯოხით ვერ მოხერხდება.

– ალბათ, დიდი სურვილი გაქვთ სოხუმის თეატრის სცენაზე ითამაშოთ…

– საერთოდ, იქ ყოფნას ვისურვებდი, იქაური სურნელიც კი მახსოვს. ხშირად დავდიოდი ბიჭვინთაში, სოხუმში და ისე სასიამოვნოდ მახსოვს ის დრო… გული მწყდება, რომ ახალ თაობას არ აქვს სულიერი ბმა ამ ყველაფერთან…

“ჩვენ რომ დავბრუნდებით, წარმოგიდგენიათ, იქ როგორი ჩახუტება და ტირილი იქნება? ბოდიში? ბოდიშიც იქნება და ყველაფერი… იმედია!”

ჯანო იზორია, მსახიობი: – თუ აფხაზებსა და ოსებს ვეუბნებით, ძმები ხართო, ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, სხვაგვარად დაუშვებელია. სხვანაირად რომ მოხდა თავის დროზე, იმიტომაც დაგვემართა ეს უბედურება.

– ბოდიშის მოხდა გვმართებს?

– ბოდიში ერთმანეთისთვის გვაქვს მოსახდელი, ორივე მხარე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ომი წავაგეთ ჩვენც და მათაც, არავის გაუმარჯვია. თუ ერთმანეთს დავუშავეთ, მომიტევე, მაპატიე და მოდი, ერთად ვიყოთ – სხვა გზა ერთმანეთთან არა გვაქვს. რუსეთი კარგს არასდროს არაფერს გაგიკეთებს, ერთმანეთი დაგვახოცვინა და ახლა ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ის, რომ თითქოს მე დავაშავე ყველაფერი, ცხადია, ასე არ არის. ვთქვათ, მე რომ მოვხვდე ჩემს თანატოლ აფხაზებთან ერთად სუფრაზე, საუბარმა მოიტანოს და მათაც რომ მითხრან, ჩვენც დამნაშავეები ვართ, რაღაცები ჩვენც გადავამეტეთ და ბოდიში, მოდი, ერთად ვიყოთო, ხომ მისაღებია? თუ რაკეტები და ტანკები გვინდა, მაშინ არასდროს არაფერი გამოგვივა.

– ბოდიში შერიგებისკენ გადადგმული ერთგვარი ნაბიჯია, როცა საპასუხოდაც იმავეს ელოდები და არა ულტიმატუმებს ან აგრესიას.

– ეს ვინც დაგვმართა, კი ვიცით და ისევ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი მშვიდობიანი გზა. მგონია, ჩემი შვილის თაობის ოსები და აფხაზები ნათელი გონებით გაიზრდებიან და მათ აუხსნიან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ ასეთი ბედნიერი დღე გაუთენდება საქართველოს, ამას რა სჯობია? კარგი იქნება, კიდევ მეტი ფილმი გადაიღონ ამ თემაზე და მეტი სპექტაკლი დაიდგას. როცა “იარე, ლიზა” ვნახე, მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი და ზოგმა გამაკრიტიკა, მაგრამ ამ ფილმს მეტი დაკვირვება უნდა, ტექსტებში ბევრი საყურადღებო რამაა. რაც არ მოგვეწონა, ისიც დასაფიქრებელია, მანკიერი მხარეებიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა მშვიდობამ დაისადგუროს.

სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამბები მოხდებოდა, გვახსოვს, ერთმანეთს როგორ დავერიეთ. რუსთაველის გამზირი ხომ არავის დაავიწყდა? მე თუ მკითხავთ, ერთმანეთისთვის გვაქვს ბოდიში მოსახდელი და მერე კარგად ვიქნებით. ჩვენ ყოველთვის მაშინ დავმარცხდით, როცა ერთმანეთს დავუწყეთ ჭამა, ხოცვა და ეს გამოიყენა მტერმა, წაგვართვა ყველაფერი და დაგვექცა თავზე ქვეყანა. ოს, აფხაზ, ქართველ ახალგაზრდებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ერთმანეთს თუ არ ვაპატიეთ, ვერ განვვითარდებით. მგონი, ვიღაცის ჭკვიანი გონებით, ბოლოს და ბოლოს, რაღაც გადაწყდება ამ ქვეყანაში, ახალგაზრდების ცოდნითა და განათლებით, ოღონდ პირველ რიგში, შენი ქვეყანა,­ შენი დროშა, ჰიმნი, გმირები, წინაპრები უნდა იყოს პრიორიტეტი.

– ადრე ჩადიოდით ხომ აფხაზეთში?

– 2008 წლამდე თავისუფლად გადავდიოდი აფხაზეთში და აგვისტოს ომამდე ურთიერთობა შედარებით დამთბარი იყო. ბებია რომ გარდამეცვალა, იქ გადავასვენეთ. ქორწილშიც კი ვიყავი, სუფრაზე აფხაზებიც ისხდნენ, როგორი პატივისცემით და სითბოთი ვიყავით ერთმანეთის მიმართ. 2008 წლის ომის მერე კი გაცივდა…

სოფელი აფხაზეთში მაქვს, ნახევრად ფოთში ვარ გაზრდილი, მამა მეზღვაური­ მყავდა და აფხაზეთი როგორ მიყვარს, ამის მტკიცებას არ დავიწყებ. ყველას ტკივილია აფხაზეთი და სამაჩაბლო. ყველამ უნდა ილაპარაკოს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებასა და ურთიერთობაზე.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა საქართველოს ნაკრები, მთელი ერი როგორ ზეიმობდა, ხომ გახსოვთ? პარალელები იყო აფხაზეთთან – ჩვენ რომ დავბრუნდებით და იქ ისინი დაგვხვდებიან, თქვენ წარმოგიდგენიათ, იქ როგორი ჩახუტება და ტირილი იქნება? ბოდიში? ბოდიშიც იქნება და ყველაფერი… იმედია! ეს ჭკვიანი ადამიანების საფიქრალია, ყველაფერი მოგვარდება მხოლოდ მშვიდობით.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share