ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ “დღეს ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისა და პრესის თავსუფლებისთვის შავი დღეა”.
“დღეს შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისა და პრესის თავისუფლებისთვის. დამღუპველი ამბავია განსაკუთრებით ნიკას ოჯახისთვის და კოლეგებისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის, რომლებიც თბილისიდან შორს იმყოფებიან”, – წერს რებეკა ჰარმსი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.