ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეჩერდა ანაკლიის პორტის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა, ვხედავთ რა მდგომარეობაში არის ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო გელათი, მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას. ამიტომ ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე.
ლევან სანიკიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია.
„ზუსტად 12 წლის წინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობამ“ რეგიონში პირველად ქართველი ხალხის ნების შესაბამისად ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“. მაშინ ჩვენს მოსახლეობა ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ივანიშვილის, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა. დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ 12 წლის მანძილზე ვერ ვნახავთ ვერცერთ მის მიერ გაფუჭებულ საქმეს და უბრალოდ წარმოუდგენელ სითავხედედ მიმაჩნია ეს განცხადება, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეჩერდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა, ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაში არის ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო გელათი, მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას. საუბარს აღარ გავაგრძელებ იმაზე თუ რა მდგომარეობაში არის პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წლის განმავლობაში, მათ შორის ჩვენმა პარტიამ ეს საკუთარ თავზე ეს ყველაზე მძიმედ გამოცადა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ ვნახეთ მარტი-აპრილის მოვლენები, სადაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები იცავდნენ საკუთარ არჩევანს და ამ ადამიანისგან, რომელიც დღეს აქცევს უკიდეგანო იზოლაციაში, ჩვენს მეგობრებს მტრებად გვიცხადებს, ხოლო ჩვენს მტრებს ბატონად. ამ ადამიანისგან მსგავსი ტიპის განცხადებების მოსმენა უბრალოდ შეურაცხმყოფელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია, ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ღირსებას და უარს ვიტყვით იმაზე, რომ საქართველოში არცერთი ხელისუფლება არასდროს არ გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე, იმ შეურაცხყოფის მიყენებაზე ჩვენი გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაბედა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.