“ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის საელჩოს მიერ ქართული ოცნების დეზინფორმაციის საპასუხოდ ბოლო დღეებში Facebook-ზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ქარდებზე დასმულ კითხვას.
კალაძე საელჩოს ქარდებს “სიცრუესა და ტყუილს” უწოდებს და ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად “საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიაში ჩართავში” ადანაშაულებს.
“ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს ის, რომ მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს.
ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი, თუნდაც პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით, საუბარი იყო პროცენტთა რვა მეათედზე, სინამდვილეში 2.5% იყო გაყალბებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი და ეს დაახლოებით, ხმებში რომ გადავიყვანოთ, 50 000 ხმა არის და 50 000 ხმის მოპარვას გვაბრალებდნენ და ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო დაპირისპირება, რევოლუცია, ხელისუფლების აყირავება და ნუ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
ძალიან მძიმეა ის, რომ ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, თუმცა რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთონ და გააკეთონ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რაიმე ზიანი მიაყენოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას”, – ამბობს კალაძე.
აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.