ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს, რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს – განცხადება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა გააკეთა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და ომში შეერთებული შტატების როლზე ფრიდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს ამერიკის მხრიდან დახმარება ნიშნავდა, რომ აშშ საქართველოზე პუტინის დომინირებას არ აღიარებდა.
“ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული სისტემის მსოფლიოში და არა დამცინავი, ფსევდო-პოლიტიკის. ეს იყო უფრო ფართო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, და რაც კარგია ამერიკისთვისაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის”,- თქვა დენიელ ფრიდმა.
ინტერვიუში ფრიდმა ომის შემდგომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ს არ აღელვებს რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში, თუმცა აღელვებს საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დააწინაურებს და სკეპტიკურად ვართ განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს. ჩვენ არ ვიყავით პრო- ან ანტი-სააკაშვილი, პრო- ან ანტი-ივანიშვილი. შეკითხვა ისაა, რას აკეთებდნენ ისინი თავიანთი ლიდერობის პერიოდში?”,- თქვა მან.
ფრიდმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ბრალი შესაძლოა ორივე მხარეს მიუძღვოდეს, თუმცა მეტი პასუხისგმეგბლობა მმართველ პარტიას ეკისრება, ვინაიდან ხელისუფლებას ისინი მართავენ.