” ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,ქართველი ხალხი აპირებს გამარჯვებას…„ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება მეორე პარტიაზე…ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსეთზე და მის მოციქულზე, ივანიშვილზე” – ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სასამართლო სხდომაზე, სადაც კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ქართველი ხალხი აპირებს გამარჯვებას.
„ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება მეორე პარტიაზე, ეს სხვა არჩევნებია. ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსეთზე და მის მოციქულზე, ივანიშვილზე. ეს იქნება წარსულზე მომავლის გამარჯვება. ჩვენ ვართ მთლიანად მომავალზე, თავისუფლებაზე ორიენტირებული. ჩვენ ვართ პოლიტიკაში მთლიანად ახალი თაობის შემოყვანაზე და მათთვის გზის დათმობაზე და ეს ყველაფერი განხორციელდება. დასავლეთი წყნარად გვეუბნება იბრძოლებთ, ვიდგებით [თქვენ გვერდით]. თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ბრძოლა, ჩვენ გვინდა სიმტკიცე, ჩვენ გვინდა სიმტკიცე და ეს ძალადობა, რომელსაც ისინი აპირებენ, წააწყდება ხალხის ძალიან მყარ კედელს და ვერანაირი რობოკოპები, ვერანაირი რეზინის ტყვიები, ვერანაირი რუსული ჯაშუშები, ვერანაირი ქუჩის სამყარო მათ ვერ უშველით იმიტომ, რომ ერთის მხრივ, არის მთლიანი საქართველო, როგორც არასდროს გაერთიანებული და თავის თავში, როგორც არასდროს დარწმუნებული. მეორე მხარეს არის მილიარდერი, მაგრამ მთლიანად გაკოტრებული ოლიგარქი თავისი გაბნეული, ბოლომდე დისკრედიტებული ამფსონებით. ერთ მახრეს არის ერთი მუჭა და მეორე მხარეს არის სრულიად საქართველო. პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ასეთი ისტორიული მომენტი არასდროს ყოფილა და 26 ოქტომბერი ამ ერთი მთლიანობის ძალიან დიდ ზეიმად გადაიქცევა. ყველაფერი გამოგვივა რასაც ხელს მოვკიდებთ და მოკიდებული გვაქვს, ძალიან დიდ რაღაცაზე, არჩევნებით საქართველოს გადარჩენაზე, საქართველოს სამშვიდობოს გაყვანაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა რეზოლუციებს წერს იმაზე, რომ „ჩვენ დავიწყეთ თურმე ომი“.
„ჩვენ ვართ გაბრაზებულები იმიტომ, რომ გაგვძარცვეს, მთელ მსოფლიოს გადაგვკიდეს, სამასხროდ გაგვხადეს, როგორც გითხარით, ვიღაც აფერისტების ხელში ჩაგვაგდეს და რეზოლუციებს გვიგდებენ იქიდან, რომ ჩვენ დავიწყეთ თურმე ომი. საქართველოს მთავრობა ამ თემაზე უკვე საერთაშორისო რეზოლუციებს წერს. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ გაბრაზებულები“,- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.