ზუგდიდში გამართული საარჩევნო შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილის პარტიის წევრები, პარტაქტივი და სხვა მათი დასაყრდენები რესტორანში იმყოფებოდნენ. ადგილზე მივიდა “ტყის ძმების” ყოფილი მეთაური დავით შენგელია. როგორც მან “მთავარ არხს” კომენტარში უთხრა, იქ “გიორგი გამსახურდიასთან და მეგობრების სანახავად მივიდა”.
ცნობისთვის, სწორედ შენგელიაა ერთ-ერთი პირი, ვინც ოპოზიციის ინფორმაციით, ოლიგარქის პარტიას სამეგრელოში ხმების მობილიზებაში ეხმარება. კერძოდ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდსა და სენაკში არსებულ ე.წ. ძალოვანთა შტაბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენგელიაა ის პირი, რომელიც ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს :
“ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. ტყის ძმების მეთაური; გია ყალიჩავა პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა “ოცნების” აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.” აღნიშნა წითლიძემ. შენგელიამ კი ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ “ბალშეჩიკობს” ოცნებას – “ვბალშეჩიკობ და ვეხმარები ოცნებას და კიდევაც დავეხმარები”- ამბობს შენგელია.