ლავროვი ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტი სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლურ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ე.წ. “მეორე ფრონტის გახსნა” სურთ.

ლავროვი ასევე ირწმუნება, რომ დასავლეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში “ვითარების დესტაბილიზებას” ცდილობს. მისივე სიტყვებით, დასავლურ სახელმწიფოებს საქართველოსა და “ორ სუვერენულ ქვეყანას” შორის (ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი) ურთიერთობების დაძაბვა უნდათ.

ამის შესახებ მან სტამბულში 3+3 ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრას რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“საქართველოს რომ დავუბრუნდე, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ცნობილი მცდელობებია. ვგულისხმობ კოცონის ხელახლა დანთებას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დესტაბილიზებასა და საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაცხელებას. ამგვარად, რისკების უმეტესობა, რომლებსაც აქ ვაკვირდებით, დასავლეთის მცდელობებს უკავშირდება, რომლებიც აქ მისი გავლენის მაქსიმალურად გამყარებასა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანაბარუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსპობას ემსახურება”. – თქვა ლავროვმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი მაღალჩინოსნები იყენებენ ე.წ. “მეორე ფრონტის” პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიცაა. ამავე საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებიც საუბრობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share