არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დაგეგმილ მარშს რეგიონებიდანაც უერთდებიან – მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები თბილისში სწორედ იმ გზავნილის გასაჟღერებლად ჩამოდიან, რომ მათ ევროპული არჩევანი სურთ.
როგორც პედაგოგი ლადო აფხაზავა “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რეგიონებში იმ ადამიანთა რიცხვმა საგრძნობლად გაიზარდა, რომელთაც “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის თავზე ცვლილებები სურთ.
”20 ოქტომბერს რეგიონებიდან მოვდივართ თბილისში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ გვინდა ევროპა და არა ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ჩვენ ცვლილებები გვინდა. ვინც იყო ხელისუფლებაში ღმერთმა გაუმარჯოს, 12 წელი გაძლეს, მაგრამ ჩვენ ცვლილებები გვინდა და გვადროვეთ ბატონო. ჩვენ მივდივართ ცვლილებებისკენ”, – ამბობს ლადო აფხაზავა.
შეგახსენებთ, ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”