ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თავს იწონებს, რომ მისი მთავრობა მისივე სასამართლოს თავს არ ესხმის.
“სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია”. – თქვა ივანიშვილმა 10 ოქტომბერს ბათუმში ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ივანიშვილი გულისხმობდა Varieties of Democracy-ს ინდექსს, რომელიც ადგენს, საჯაროდ რამდენად ხშირად ესხმოდა თავს მთავრობა სასამართლოს.
მონაცემი მოიცავს საჯარო თავდასხმებსაც, რომლის დროსაც მთავრობა ამტკიცებს, რომ სასამართლო კორუმპირებულია, არაკომპეტენტურია, ან რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია. Varieties of Democracy აზუსტებს, რომ აღრიცხავენ სხვადასხვა გზით განხორციელებულ თავდასხმებს, თუმცა, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიაში გავრცელებული, ან პრესკონფერენციის, ინტერვიუებისა და გამოსვლების დროს გაკეთებული კომენტარებით.
ინდექსის მიხედვით ქვეყანა 0-დან 4 ქულამდე ფასდება:
0 – მთავრობა სასამართლოს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ესხმოდა თავს;
1 – თავდასხმები იყო ხშირი და ხორციელდებოდა წლის თითქმის ყოველ თვეში;
2 – მთავრობა სასამართლოს თავს დაესხა ერთზე მეტჯერ;
3 – იყო თავდასხმები, მაგრამ იშვიათი;
4 – თავდასხმა არ ყოფილა.