არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, პარალელურად კი ხმების მოსაგროვებლად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიურად გაზარდა. რამდენად ძლიერია ეს ზეწოლა და ზოგადად, საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით?
„ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხავევებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, – განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საჯარო მოხელეები, გარკვეული მიზეზის გამო, ზეწოლის გარეშეც აძლევენ ხმას ხელისუფლებას:
„სამწუხარო, ტრადიციის თანახმად, რაც ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში დამკვიდრდა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ყოველთვის იცვლებოდა დაბალი და საშუალო დონის ბიუროკრატიული რგოლი და ხელისუფლებაში მოსულ ძალას მისი აქტივისტები და მხარდამჭერები მოჰყავდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებსაც აქვთ განცდა, რომ თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს მათზე გარკვეულწილად აისახება”.
ოპოზიციის ბრალდებები
პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნების” წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს.
„ოცნების” რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების” დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების” სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს „ოცნებას” შეუძლია გაიგოს ვინ ვის გააფერადებს.
„მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან „ოცნების” ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები, მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე. მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა რამდენიმე ზონდერია. მაგალითად, გია ჯიქია ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
„ნაცმოძრაობის”გენერალური მდივანის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით კი, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ხმის მიცემა ფარული არ არის.
„მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ. ამ მიმართულებითაც არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ: „ჩვენ გვეცოდინება, ვის მიეცით ხმა”. ხმის მიცემის აპარატები ინტერნეტზე არ არის მიერთებული. ძალიან ბევრი ნომერი „5″ იქნება, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მიერ გაფერადებული ნომერი იქნება და იქ „ოცნების” წარმომადგენელი ვერ გაიგებს ვერაფერს, ვინ რა შემოხაზა, რა გააფერადა, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ექნებათ. ეს არის სატყუარა, დასაშინებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიგონეს „ოცნების” წარმომადგენლებმა, რადგან მათ იციან, რომ სამართლიან და თავისუფალ პირობებში ისინი ამ არჩევნებს აგებენ”, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ხმების რამდენი პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი
დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ საჯარო მოხელეების გარდა ხელისუფლება ააიპ-ების და სოციალურად დაუცველების არმიას იყენებს.
„ახლა განსაკუთრებული ისეთი არაფერი ხდება, რაც ადრე არ იყო. ბუნებრივია, ზეწოლა არის. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ადამიანი საარჩევნო სპეციფიკაში ცოტა მაინც გარკვეულია იცის, რომ ამ ზეწოლას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მათი ხმები 100%-ით დაცული იქნება და ვერავინ გაიგებს ვის მისცა ხმა. ამიტომ, თუ ვინმე საჯარო მოხელე მომისმენს, ვეტყვი, რომ ასეთი ზეწოლის შემთხვევაში, თუ მას ეშინია, თავი დაუქნიოს, მერე წავიდეს და ვისაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი. თუკი ისინი ამას გააპროტესტებენ და ამ ფაქტებს საჯაროს გახდიან, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მოკლედ, ხმის მიცემა იმდენად კონფიდენციალურია, რომ არ უნდა იფიქრონ, რომ ვინმე გაიგებს.
„რთული სათქმელია ხელისუფლებაში მყოფი პარტიას ადმინისტრაციული რესურსიდან საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს. ეს დამოკიდებულია თვითონ ადმინისტრაციული რესურსის რაოდენობაზე. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, მარტო საჯარო მოხელეები არ იგულისხმებიან. ამ ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდი ააიპ-ების არმია ჰყავს, განსაკუთრებით რეგიონებში, საკრებულოებთან არსებულები. ეს ნიშნავს, რომ შექმნიან რაღაცას – მაგალითად, ქობულეთის კულტურის ცენტრი, ან თერჯოლის განვითარების ასოციაცია და ა.შ. ისინი საკრებულოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელფასებს უხდიან, დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე, არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ ამ თანხებს იღებენ. ანუ მობილიზებული აქტივისტები არიან, რომლებიც არჩევნების დროს აქტიურდებიან და ერთვებიან წინასაარჩევნო პროპაგანდაში. ესეც ადმინისტრაციული რესურსია.
„ასევე ადმინისტრაციულ რესურსში შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. სოციალური დაუცველების არმია, რომლებთანაც მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები მიდიან და ემუქრებიან, რომ თუ „ოცნებას” ხმას არ მისცემენ, დახმარებას მოუხსნიან.
„პრინციპში, ხელისუფლების მთლიანი ხმების ნახევარი ადმინისტრაციულ რესურსზე გადის. მათი ამომრჩევლები რეალური მხადამჭერები კი არ არიან, არამედ ისინი ხმას აძლევენ ძალას. თუმცაღა ამან შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხში არის განცდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ასეთ ვითარებაში კი მმართველი გუნდი იმდენ ხმასაც ვერ აიღებს, რამდენსაც ელოდება.
„ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხავევებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, შესაძლებელია საჯარო მოხელეებშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც რეალურად ოპოზიციის მხადამჭერები არიან. მისივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე რთულია თქვა, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას.
„კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ძალიან რთულია ამ საკითხზე დეტალურად საუბარი. თუ რეალურად ასეა, მაშინ უნდა დაასახელონ ის საჯარო მოხელეები, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, ან თვითონ ის გამოვიდეს საჯაროდ და განაცხადოს, რომ მას აიძულებდნენ ხმა მიეცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალისთვის. ან დოკუმენტარული მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამის გარეშე მე პირადად ვერ ვიტყვით, რომ მსგავს რაღაცას ადგილი აქვს.
„მე დეტალურად ეს საკითხი, თუ ხელისუფლება საჯარო რესურსებიდან რამდენ პროცენტს იღებს, არ შემისწავლია. ყველა ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უჭერს მხარს. თუმცა, ისეთი საჯარო მოხელეების გარკვეული რაოდენობაც არსებობდა, რომლებიც ოპოზიციას აძლევდა ხმას. მაგალითად 2012 წელს, საჯარო მოხელეების ძალიან დიდმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი.
„სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ აძლევს ხმას, შეიძლება შეადგენდეს 10-15%-ს, ან ცოტა მეტს, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, რადგან კონკრეტული მონაცემები არ გამაჩნია”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.