ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია. უხვმა ნალექმა დაბასა და სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და შიდა გზები.
ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე, გზის მონაკვეთი ჩავარდა. ასევე, დაზიანდა გაზის მილი, რის შედეგადაც 240-მდე ოჯახს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება. სამების ცენტრში ორ ადგილას მეწყრული პროცესი განვითარდა. შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.
სოფელ სამებაში ხვალ დილიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის სამუშაოები.