მეშინია, ხვალ მე არ დამარქვან აგენტი — მათემატიკოსი თინა კვინიხიძე რეპრესირებულთა ოჯახიდან

„1978 წელს რომ გამოვედით ენის დასაცავად, მაშინ ვიგრძენი, რომ მართლა ქართველი ვარ. არასდროს დამავიწყდება 1989 წლის 9 აპრილი. ამიტომ მეშინია ამ კანონების, მეშინია, რომ ხვალ მე არ დამარქვან აგენტი. არ უნდა აიკრძალოს არცერთი პარტია, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არ მომწონს.“

რეპრესირებული ბაბუის შთამომავალი, პედაგოგი, მათემატიკოსი თინა კვინიხიძე  საბჭოთა წარსულს იხსენებს და დღევანდელობასთან ავლებს პარალელებს.

საბჭოთა რეპრესიები

მე ბებია და ბაბუა არ მყოლია. დედის ოჯახი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. 17 წლის იყო დედაჩემი, ოქროს მედალოსანი, ახალი ჩაბარებული ჰქონდა უნივერსიტეტში, როცა მამამისი დაუპატიმრეს. მას წიგნი უპოვეს, რომელსაც  რუსეთში რეპრესირებული მაღალჩინოსნის ხელმოწერა ჰქონდა. მას მერე მამა აღარც უნახავს. ისე აწამეს ეს კაცი, რომ დახვრეტამდეც ვერ მიიყვანეს და იქვე, ციხის ფსიქიატრიულში გარდაიცვალა. ამ ამბავს მიჰყვა ბებია, ლოგინად ჩავარდა. ასე აირია ოჯახი. საცხოვრებლად ერთი ოთახი დაუტოვეს სოლოლაკში. ნათესავები ჩვენთან ურთიერთობას ერიდებოდნენო, იხსენებდა დედაჩემი.

ამის მერე დედას სულ ეშინოდა საბარგო მანქანების, რადგან  რეპრესირებულთა ოჯახებს გადასახლებაში სწორედ საბარგო მანქანებით უშვებდნენ. ინსტიტუტიდან გარიცხვისაც ეშინოდა, მაგრამ რაღაცნაირად გადარჩა — ორ თვეში გამოვიდა კანონი და თქვეს, რომ შვილები მშობლების გამო პასუხს არ აგებდნენ. მაგრამ დედას ახსოვდა, როგორ გამოდიოდნენ სხვა რეპრესირებულთა შვილები, ლანძღავდნენ მამას, ამბობდნენ, რომ ის არის მტერი, რომ მას არ ეთანხმებიან. დედამ თქვა, ჩემამდე რომ მოსულიყვნენ, მამას მე ვერ გავლანძღავდიო. მართლა ძალიან კარგი კაცი იყო. არ დამავიწყდება დედის ცრემლები, რეაბილიტაციის შესახებ წერილი რომ მივიღეთ. დღესაც არ ვიცით, სად არის ბაბუა დასაფლავებული.

1978… 1989… 2024 — აპრილიდან აპრილამდე და დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელობამდე

სულ შიშში გვზრდიდა დედა. მე მაინც ჩვეულებრივი საბჭოთა გოგო ვიყავი, მაგრამ ჩუმად ვკითხულობდით რობაქიძეს და სხვა აკრძალულ ავტორებს. რამე არ გაიგონ, არ გაგრიცხონო, გვეუბნებოდა დედა. მერე 1978 წელს რომ გამოვედით ენის დასაცავად,  მაშინ ვიგრძენი, რომ მართლა ქართველი ვარ. კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო რუსული, მაგრამ გავიტანეთ ჩვენი მაშინ.

დემონსტრაციებზე რომ მივდიოდი, ისე ეშინოდათ ჩემს მშობლებს, ისე… მეც მეშინოდა ალბათ.

1989… არასდროს დამავიწყდება. შემთხვევით არ დავრჩი მე იქ იმ ღამეს. პატარა შვილები მყავდა. ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო. არ დამავიწყდება მეორე დილა, როცა მეგობრებს ვეძებდი. მაშინ ხომ მობილურები არ იყო. ტელეფონებზე ვრეკავდით, რომ გაგვერკვია, ვინ სად იყო.

ამიტომ მე ამ კანონების ცოტა მეშინია, რომ განმეორდეს ისევ ეს უბედურება. მე მაქვს შიში იმისა, რომ ხვალ შეიძლება მეც დამარქვან აგენტი. ასე არ ერქვა აგენტი და მტერი დედაჩემის მამას? ასე არ ხდებოდა 1937 წელს? დაწერდა ვიღაცა, რომ აგენტი ხარ და მორჩა. მე ხომ არ ვიცი, რომელი მთავრობა როდის, როგორ გამოიყენებს ამ კანონებს? თუ ვინმე რამეს დააშავებს სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიძიონ. მაგრამ ვიღაცის აგენტად გამოცხადება საშიშია. ეს არ უნდა იყოს დაკანონებული.

არცერთმა პარტიამ მეორე პარტიაზე შური არ უნდა იძიოს. არცერთი პარტია არ უნდა აიკრძალოს. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არ მომწონს. მე, მაგალითად, ერთი პერიოდი ნათელაშვილი არ მომწონდა, მაგრამ ახლა ხანდახან მომწონს მისი გამონათქვამები. რაც არ უნდა მიყვარდეს სტალინი, და მით უმეტეს, რომ არ მიყვარს, მის ძეგლს ეზოში როგორ დავდგამ?! მაგრამ ის კაციც [გრიშა ონიანი] თავისას ლაპარაკობს. ეს არის დემოკრატია! ვიყოთ დემოკრატები.

სხვათა შორის, დედა მეუბნებოდა, რომ ჩვენ, ქართველი ერი, ჩვენი არსით დემოკრატები ვართო. რუსები კიდევ არასდროს ყოფილან დემოკრატები.

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმის იმედი, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებს. რუსეთს ვისთვის რა დაუბრუნებია. შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. მეცოდება ის ხალხი. მახსენდება 92-93 წლები, როცა დაეცა გაგრა, მერე სოხუმი. აფხაზეთიდან ფეხშიშველი გამოიქცა ხალხი. მაშინ ეს არ გაშუქებულა. სხვა დრო იყო. სად გვქონდა ინფორმაციის გავრცელების ის საშუალებები, რაც ახლაა. მაშინ პუტინი არ ყოფილა, მაგრამ ასეთია რუსეთის პოლიტიკა — არ გაგიშვებს არსად. ამდენჯერ დავიჩაგრეთ. ტერიტორიებზე კი არ ვამბობ მარტო. მე ძალიან მიყვარს აფხაზები, ოსები, ყველა მიყვარს. რატომ უნდა ვიხადო ბოდიში? კი, რაღაც დარღვევები იყო. რა თქმა უნდა, ომია და ასე ხდება.

მაგალითად, მეორე სამამულო ომი ავიღოთ. მაშინაც ბევრი დარღვევა იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან, თუნდაც მაშინ, როცა აიღეს ბერლინი, მაგრამ რაც გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ, ეგ იყო საშინელება და იგივე გაგვიკეთა ჩვენ რუსეთმა. იქ ოსებიც დაიჩაგრნენ, განა არ ვიცი, რომ დაიჩაგრნენ. მაგრამ ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ მოდით, შევრიგდეთ, ერთობლივად გადავწყვიტოთ. ჩვენ ხომ კარგად ვცხოვრობდით? სოხუმი აყვავებული იქნებოდა, ოკუპირებული რომ არ იყოს და ათასჯერ უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ბათუმია.

მე კარგად ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ცუდად არ მიცხოვრია. მშვენივრად ვლაპარაკობ რუსულად, რუსებზე უკეთესად ვიცი მათი ლიტერატურა, მუსიკა, კულტურა. მაგრამ იქ დაბრუნება არ მინდა. ისეთ პარტიას, რომელიც იქით მაბრუნებს, ხმას არ მივცემ. მე არ ვიცი, ეს რომელი პარტიაა. კარგად უნდა გავიაზრო. აუცილებლად წავალ არჩევნებზე. ეს ნამდვილად არის გადამწყვეტი არჩევნები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას და ყველა ხმა უნდა იყოს დაცული.

პოლარიზებული საქართველო გზაგასაყარზე

ჟირინოვსკი ამბობდა, აზერბაიჯანელები დასცხებენ სომხებს და ქართველები — ერთმანეთსო. უნდა მოვერიოთ ამ ყველაფერს.

არჩევნები უნდა იყოს წესრიგით, სამართლიანად ჩატარებული. ყველა ხმა უნდა იყოს დაცული. მე ჩემი ხალხის არჩევანს ვცემ პატივს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა და უჭერს მხარს. არ მალავენ და არ ილანძღებიან. ზოგი ახლობელი ნათელაშვილს უჭერს მხარს, ზოგი გახარიას, ზოგი ხაზარაძეს, ზოგი პრეზიდენტს. ეს ნორმალურია. ამიტომ, კი არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, უნდა ავაშენოთ კარგი საქართველო, სადაც ყველა აზრი იქნება გათვალისწინებული. იყოს ყველა პარლამენტში, ესეც, ისიც, იდავონ და შეთანხმდნენ საქართველოს საკეთილდღეოდ.

ქართულ ოცნებაშიც არის ბევრი ღირსეული ადამიანი და ოპოზიციაშიც არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი. ძალიან ცოტანი ვართ და მოდით, ვიყოთ დემოკრატები, კარგად ჩავატაროთ არჩევნები, რა თქმა უნდა, ევროპისკენ უნდა ავიღოთ გეზი და იქნებ მერე ოდესმე რუსეთსაც ეშველოს რაღაცა და ისინიც გახდნენ დემოკრატები. მათაც ხომ ჰყავთ ნორმალური ხალხი, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირში არიან ჩარჩენილი, მაინც შიში სძალავთ.

რა თქმა უნდა, დასავლეთთან ინტეგრაცია გვჭირდება. უნდა ველაპარაკოთ დიპლომატიის ენაზე, ცივილიზებულ ენაზე. თუ გვინდა დასავლური ღირებულებების დაცვა. ხომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ხომ გვინდა ნატოს წევრობა? რომ ვადარებ, როგორი დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ ამერიკაში და რუსეთში, რა თქმა უნდა, მე ვირჩევ ამერიკას. იმ ცხოვრებას, თორემ მე მინდა საქართველოში ვიცხოვრო და ისეთივე პირობები მქონდეს, როგორიც ამერიკაშია.

ჩემი შვილი აშშ-ის მოქალაქეა, მეცნიერია, ფიზიკოსი, პროფესორია. 22 წელია, იქაა. შემიძლია თავისუფლად დავრჩე იქ, უზრუნველყოფილი ვიქნებოდი პენსიით, დაზღვევით. მაგრამ აქედან წასვლა არ მინდა. მინდა, რომ რამდენი წელიც დამრჩა, აქ ვიცხოვრო, აქ ვიყო დასაფლავებული. მიყვარს ეს ქვეყანა, ჩემი მოსწავლეები, ჩემი „პლეხანოვი“. მინდა, რომ ჩემი შვილი იქიდან დამიბრუნდეს, შვილიშვილიც. იქიდან რომ მოვდივარ ხოლმე, ბავშვი იცით, რას მეუბნება? არ დამტოვოო. ძალიან მინდა, რომ აქ იყოს ისეთი პირობები, რომ აქ ვიყოთ ერთად მე და ჩემი ოჯახი.

რომ გავწყვიტოთ ახლა ეს ურთიერთობები დასავლეთთან, მაშინ მე იქ ვეღარ წავალ. ვიზა მიმთავრდება და ცოტა არ იყოს, მეშინია, მომცემენ კიდევ ვიზას?

ამერიკაშიც, ევროპაშიც ჩემი ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე ცხოვრობს. რატომ მირბიან? იმიტომ, რომ აქ მეცნიერებაში გასაქანი არ აქვთ. გული მწყდება.

ყველამ იცის, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მომხრე ვიყავი და ვარ. მაგრამ მე რომ ვხედავ პენსიონერებს გარეთ… რომ გაივლით აღმაშენებელზე, ჩემი პასტერის ქუჩიდან თამარ მეფემდე, სამი ქალბატონი დგას სულ…ხანში შესულები, ძლივსღა დგანან ფეხზე. 19 წლის სამეცნიერო სტაჟი მაქვს, თითქმის 30 წელი — პედაგოგიური. მიმაჩნია, რომ უნდა მქონდეს ისეთი პენსია, დავჯდე სახლში და შვილებზე არ ვიყო დამოკიდებული.

განათლების სისტემა და მომავალი თაობა

თინა მასწავლებელს მეძახიან, მაგრამ რომ მოვდივარ, თინიკო მოდის, თინიკო მოდისო, მესმის ხოლმე. ხანდახან, რა თქმა უნდა, ვუბრაზდები კიდეც მოსწავლეებს და შენიშვნასაც ვაძლევ, მაგრამ ბავშვს უხეშად არ უნდა მიმართო, ინტერესი არ უნდა დაუკარგო. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ ყველა ვეკუა და მუსხელიშვილი გამოვიდეს. მათემატიკა აზროვნებას ავითარებს და ჩემი მიზანიც ეს არის სწორედ.

არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს, ძალიან კარგი თაობა მოდის. მეტი ყურადღება სჭირდებათ, მეტი მოფერება. განათლების სისტემაში ბევრი რამ სწორადაც ხდება, ბევრი რამ შესაცვლელიცაა.

იცით, მე წინააღმდეგი ვარ ნიშნების წერის. ნიშანი მაინც სუბიექტურია. მეც ადამიანი ვარ და შეიძლება შევცდე, არასწორად შევაფასო, ვერ გავითვალისწინო ბავშვების პოტენციალი. არც დაფასთან ბავშვების გამოყვანა მიყვარს. იბნევა ბავშვი, განა ყველას  შეუძლია ეგ. ძალიან ნიჭიერი შეიძლება იყოს მოსწავლე, მაგრამ დაფასთან დაიბნეს, ვერ გამოავლინოს თავისი ნიჭი და ცოდნა. აქაც დემოკრატიულობაა საჭირო.

საბჭოთა დროს ყველაფერი მკაფიოდ განსაზღვრული იყო, „ეს ასე უნდა იყოს, ის ისე უნდა იყოს“! ვერ გადაუხვევდი. ახლა ყველას თავისი აზრი აქვს და ესაა კარგი.

netgazeti.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share