„იმედი მაქვს, კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება – რისი გამოცდილებაც გვაქვს, არაფერმა ივარგა“

„ხშირად საუბრობენ, რომ კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს და ა.შ. რისი გამოცდილებაც გვაქვს, არაფერმა ივარგა და ახლა ეს ვცადოთ“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-სთან ისაუბრა.

კითხვებზე, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს ბიზნესი და უნდა გააკეთოს მომავალმა ხელისუფლებამ არსებული პრობლემების დასაძლევად, ბიზნესმენი ამბობს, რომ ახლა ეს საკითხები მეორეხარისხოვანია, რადგან ქვეყანა საკუთარ მომავალს ირჩევს. საუკეთესო გამოსავალი კი, თემურ ჭყონიას თქმით, კოალიციური მთავრობა იქნება.

„საფრთხე კი არ გვემუქრება, უკვე ადგილზეა. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, პოლიტიკოსებმა, ელჩებმა, დიპლომატებმა, მოუწოდეს ქართველ ხალხს, რომ თუ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება და იმ საინტერესო პროცესებში ჩართვა, რომელშიც მთელი ევროპაა ჩართული ( იქნება ეს კულტურა, განვითარება თუ ფინანსირება), უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. სწორი არჩევანი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა. ამის საფუძველი არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეკრებილმა პარტიებმა უნდა დაიცვან ის ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეს.

უმოკლესი გზა, რომ ევროპასთან აღდგეს ნორმალური ურთიერთობა (ჯერ აღსადგენია და მერე უნდა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯზე), ეს იქნება. იმისთვის, რომ ევროპასთან გვქონდეს სწორი, დიპლომატიური, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობა, ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქნება გზამკვლევი და ნდობით აღჭურვილი პირი ევროპის მმართველებთან.

ხშირად საუბრობენ, რომ კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს და ა.შ. რისი გამოცდილებაც გვაქვს, არაფერმა ივარგა და ახლა ეს ვცადოთ. გამოცდილება თუ არ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ არ უნდა შევიძინოთ ცოდნა, გამოცდილება… რა გვიშლის ხელს?! არაფერი. ჩვენ ძალიან საინტერესო გამოწვევის წინაშე ვდგავართ და იმედი მაქვს, კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

მერწმუნეთ, რომ ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნის მოქალაქეების სწორ არჩევანს მთელი დასავლეთი დააფასებს და გვერდში დაგვიდგება. არავითარ შემთხვევაში რა დაგვტოვებს მარტო. ამის იმედი მაქვს“,- ამბობს თემურ ჭყონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share