„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია სასამართლო სისტემის ცვლილება.
„ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები:
1. მთლიანი სასამართლო სისტემის შეცვლა, ყველა საეჭვო მოსამართლის მოხსნა და შესაბამისი მექანიზმის ჩამოყალიბება სრულად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით;
2. თანაბარი პირობების შექმნა როგორც ქართული, ისე უცხოური ბიზნესებისთვის;
3. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ხელოვნური შეფერხების გარეშე უზრუნველყოფილი უნდა იყოს;
4. უნდა გადაიხედოს ბინადრობის ნებართვის პროცესი ბიზნესებისთვის და გაკეთდეს ისე, როგორც ეს არის ემირატებში. საჭირო არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება;
5. პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭო უნდა აგვარებდეს ყველა საკითხს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა დელიკატური იყოს ეს საკითხები და იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება მთავრობის დღის წესრიგს;
6. ბიზნესომბუდსმენის ოფისი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და ბიზნესომბუდსმენი არჩეული უნდა იყოს ბიზნეს საზოგადოების მიერ. ბიზნესომბუდსმენის ოფისმა ყველა წამოჭრილი პრობლემის კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მოგვარება უნდა უზრუნველყოს;
7. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ყველა კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესზე და ქმნის ბიუროკრატიულ ბარიერებს – ასეთი უნდა გაუქმდეს;
8. და ბოლოს, უნდა დაისაჯონ საჯარო მოხელეები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავის უფლებამოსილებას ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განუცხადა ფადი ასლიმ „ბიზნესპრენიუსს“.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.