“უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა” – ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
ჰელსინკის კომისია პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ ორპარტიული კანონპროექტი – MEGOBARI აქტი ჰელსინკის კომისრებმა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად წარმადგინეს.
”მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „MEGOBARI აქტი” მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.
ამასთან, 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ “ქართველი ხალხის აქტს” კიდევ 10 სენატორის მხარდაჭერა დაემატა.