“28-ე საარჩევნო უბანზე მივედი და აღმოჩნდა, რომ ჩემ მაგივრად ხმა უკვე მიცემული ჰქონდა…” – ასე სხვების ნაცვლად ხმის მიცემით მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების მოპარვა. სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ – “შენი ხმა” ის სქემა გაშიფრა, რომელიც ხელისუფლებამ 26 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე შეიმუშავა.
არჩევნების სისტემურ გაყალბებაში გამყალბებელი ამომრჩევლები და ის რეგისტრატორები მონაწილეობდნენ, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს წარმოადგენდნენ და სქემის შესახებაც იცოდნენ. მათ სხვა პიროვნების პირადი ნომერი, რომელიც ID ბარათზე ან პასპორტზე ფარულად იყო მოთავსებული, ვერიფიკაციის აპარატში შეჰყავდათ. ასე კი ერთი ადამიანი ახერხებდა, სხვადასხვა უბანზე ხმა სხვადასხვა პირის სახელით მიეცა.
წინასწარ შემუშავებული სქემით ეს პრობლემაც მოგვარებული იყო. მარკირების პროცედურა, რომელიც გაყალბებისგან დაზღვევის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, ძალიან ბევრ უბანზე ფაქტობრივად არ ტარდებოდა.
არჩევნების მოპარვისთვის “ქართული ოცნება” წინასწარ ემზადებოდა. 26 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე მათ ამომრჩევლების ID ბარათების მასიურად ჩამორთმევა ან ყიდვა დაიწყეს. საგამოძიებო უწყებები კი ამ ფაქტზე არ რეაგირებენ.
ამის შემდეგ საჭირო იყო რეგისტრატორების პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გადანაწილება. ეს პრობლემაც მარტივად – საარჩევნო კოდექსში ცვლილებით მოგვარდა.
მას შემდეგ, რაც რეგისტრატორების როლი წინასწარ, მათთვის სასარგებლოდ გადაანაწილეს, გაყალბების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად მათი მაგიდები უბნებზე ისე განათავსეს, რომ ვერიფიკაციის აპარატში გახსნილი ფოტო დამკვირვებელს ვერ დაენახა და ვერ შეედარებინა რეალურად მოსულ ადამიანთან. იქ, სადაც დამკვირვებელი დარღვევებს შიფრავდა და ადოკუმენტირებდა, მათ უბნიდან აძევებდნენ.
ასე დატრიალდა არჩევნების დღეს კარუსელი. ამომრჩეველმა, ვისაც ეგონა, ხმა არავის მისცა, სინამდვილეში მისი პირადობით ბიულეტენზე “ქართული ოცნება” გაფერადდა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ბიულეტენებსა და საბოლოო შედეგებს შორის დისბალანსები არ არის. თუმცა გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოო ჯამში მათემატიკური უზუსტობები შექმნა.
მთავარი არხი