სახელმწიფო დეპარტამენტი უერთდება მოწოდებებს, ჩატარდეს გამოძიება საქართევლოში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეთიუ მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს შემდგომ შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება.
“შაბათს ქართველი ხალხი მივიდა იმ სარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკის, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და ძირი გამოუთხარა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნდობას არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ფუნდამენტური თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემისკენ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ, როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე გაძლიერდება ის პოლიტიკა, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები აქებენ.
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებული ქვეყანა იხილოს. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, თუმცა მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო.
საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით.
ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის განმავლობაში, რომ უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება”,- თქვა მეთიუ მილერმა.