ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს – რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ “ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო“.
ამერიკელი სენატორი სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, არჩევნების არასამართლიანობასთან დაკავშირებით, იზიარებს და აცხადებს, რომ “ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გაშმაგებული დარღვევებით გამოეთხარა“.
ამასთან, როგორც როჯერ უიკერი მიიჩნევს, არჩევნებში გამოყენებულმა მანიპულაციურმა მეთოდებმა შესაძლოა, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს ბოლო მოუღოს.
““ქართული ოცნება” მოიმკის იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებს” – ნათქვამია განცხადებაში.
”გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა გაშმაგებული დარღვევებით, მათ შორის დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით, და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინასაარჩევნო ტრენდებისგან.
ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა.
ამ არჩევნებში მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ შესაძლოა, ბოლო მოეღოს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის სუვერენიტეტს. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და გამჭრიახობა.
სანამ “ქართული ოცნება” არადემოკრატიული საშუალებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებს, ისინი მოიმკიან იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ“, – აღნიშნა მან.