ამერიკის საექსპერტო წრეებში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ექსპერტები პრობლემას მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღე განმავლობაში განვითარებულ პროცესებში არ ხედავენ. როგორც ისინი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობენ, მთელი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ისე, რომ არჩევნებისადმი ნდობა, უკვე წინასაარჩევნო პროცესში იყო დაკარგული.
ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და NDI-ის დირექტორი იყო, სწორედ ამ წინასაარჩევნო დარღვევებს უსვამს ხაზს.
“მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა . შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია.”-აცხადებს თორნტონი.
ექსპერტი ასევე განსაკუთრებულად გამოყოფს ეგზიტპოლების, წინასაარჩევნო შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადებულ მონაცემებს შორის სხვაობას. ბრალდებას, რასაც ქართული ოპოზიციაც ხშირად იმეორებს.
“ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია”,- ამბობს თორნტონი.
გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამეორდება 2020 წლის სცენარი, როდესაც ოპოზიციამ ჯერ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და ქუჩის აქციები დაიწყო, შემდეგ კი მათი ნაწილი მაინც შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, “ამერიკის ხმის” რესპონდენტები თვლიან, რომ ახლა სრულიად განსხვავებული მოცემულობაა.
“არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმიანობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო . მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია.” – აცხადებს ლორა თორნტონი.