ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პროკურატურიდან ზარს ელოდება

“პროკურატურას ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ჰქონია თუმცა მე მზად ვარ…”

ეს განცხადება “გურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ, გააკეთა.

ბერდია ლომიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურასთან ამ ეტაპზე კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა მზად არის ნებისმიერ შეკითხვზე პასუხისთვის:

„თუ მომმართავენ, არანაირი პრობლემა არ იქნება, არც პროკურატურასთან და არც ერთ დაწესებულებასთან. პროკურატურას ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გავცემ,” – თქვა მან.

ცნობისათვის:

საქართველოს პროკურატურამ განცხადება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ გააკეთა

საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share